ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად, ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლა

როდესაც მიხეილ სააკაშვილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, მანქანა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა გააჩერეს, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ მარტო - პოლიციას რომ სცოდნოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო, იქვე განახორციელებდნენ იმას, რაც შემდგომ ვნახეთ, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

როგორც ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე ისაუბრა ყველა იმ დეტალზე, რამაც მისი საქართველოში დაბრუნება განაპირობა.

„ეს საკითხები არის პოლიტიკური, ისტორიული და ეს საკითხები იურიდიული კატეგორიებისგან მიღმაა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს როგორც საზღვრის პროცედურების დარღვევა. ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში უკან ჩამოსვლა“, - აცხადებს ბასილაია.

რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, რომელსაც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის დახმარებას ედავება, ადვოკატის თქმით, ცომაიას ჩვენებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება „იყო უაღრესად მშვიდობიანი“.

„ასევე დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“, სუს-ის, ირაკლი ღარიბაშვილის პროპაგანდა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ იცოდნენ, არის ტყუილი. ერთადერთი, ვინც სააკაშვილის საქარველოში შემოსვლის თაობაზე იცოდა, არის ელგუჯა ცომაია, შემდგომ გაიგეს ზურაბ და შალვა წოწორიებმა და გიორგი ნარიმანიძემ. არცერთ მათგანს ეს არავისთვის უთქვამს. მეტიც, მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა გააჩერეს, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ მარტო. პოლიციას რომ სცოდნოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო, იქვე განახორციელებდნენ იმას, რაც შემდგომ ვნახეთ. არ იცოდნენ და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა თავად არ გაავრცელა საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოები“, - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს, როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ.

„ჩვენ რომ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, ისინი პატიმრობაში არც კი უნდა ყოფილიყვნენ. საპროცესო შეთანხმებაზე კი ამაზე საუბარი არც კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან, სასამართლო მართულია, მათ გასათავისუფლებლად ერთადერთი ბერკეტი ეს გზაა“, - აცხადებს ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს