ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელმოწერა მიუღებელი და არათანმიმდევრულია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელმოწერა მიუღებელი და არათანმიმდევრულია.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილებით არათუ ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური პოლარიზაციის შეკავებისკენ, არამედ ეს პროცესი უფრო გააღრმავა.

"ჩვენთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისაღები არ არის, ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნები არ უნდა ჰქონოდა, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტები, ორივე, ცალსახად მიმართული იყო ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებელი რგოლის ხელში ჩასაგდებად. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის წინა განცხადებებთან თუ დავაკავშირებთ, არათანმიმდევრულია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან არასწორია იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესი არ მოსწონს, შინაარსს ეთანხმება. აქ ორი საკითხია - პროცესიც არასწორი იყო და ეს იმიტომ, რომ შიგნით იყო ჩადებული ძალიან ცუდი ცვლილებები, რომელიც მიმართულია ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის ხელში ჩაგდებისკენ. თუ პრეზიდენტმა ვერ დაინახა, რაში გამოიხატებოდა თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ან თუნდაც როგორ გაუმარტივებს ის სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს გადაწყვეტილების მიღებას და როგორ შეძლებს ხელისუფლება სასამართლო სისტემის უფრო მარტივად კონტროლს, რომელიც ისედაც კონტროლირებულია, ეს არის სამწუხარო.

როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დავძლიოთ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა დავამარცხოთ, ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის. თუმცა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით არათუ წინ გადადგა ნაბიჯი პოლიტიკური პოლარიზაციის შეკავებისკენ, არამედ ამ ნაბიჯით გააღრმავა. ამდენად პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ისევე როგორც პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩვენთვის მიუღებელია და ამ ორივე კანონში არის პრობლემა, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკაშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონის დაჩქრებული წესით მიღებას არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სტრუქტურების დაარსება პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა