ადვოკატი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ და პროკურატურამ ერთმანეთში საპროცესო გარიგება დადეს და ბრალდებულის გარეშე შეთანხმდნენ

თაღლითობის ე.წ. იარლიყს, რომელიც არასამართლიანად მიაკერეს ჩვენს კლიენტებს, მოვხსნით ან ამ ქვეყანაში, ან სტრასბურგის მეშვეობით, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც კორძაძემ აღნიშნა, ვინც ამ იარლიყებს გამოიყენებს ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ, პასუხის გაცემა მოუწევთ.

„თუ ატყობთ ქვეყნის განვითარებას, ადამიანები, რომლებიც იჭერდნენ, დღეს თვითონ არიან დაჭერილები. ამ საქმეს ორი, სამი, ხუთი თვე არ ეყოფა, მინიმუმ 2 წლის საქმეა და შესაძლოა, მესამე წელშიც გადავიდეთ ინსტანციების მიხედვით. ქვეყანა ვითარდება, სიტუაციები იცვლება და თუ ამ ქვეყანაში ვერ მივაღწევთ სამართალს, არსებობს სტრასბურგის ინსტანცია, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს და დაადგენს. ჩვენ არ ვაპირებთ ხანდაზმულობებს და ამნისტირებულ სიტუაციებს ამოვეფაროთ, არც ჩვენ და არც ავთო წერეთელი. ჩვენ ამ თაღლითობის ე.წ. იარლიყს, რომელიც არასამართლიანად მიაკერეს ჩვენს კლიენტებს, მოვხსნით ან ამ ქვეყანაში, ან სტრასბურგის მეშვეობით. უბრალოდ, ამას ცალკე დრო და ენერგია დასჭირდება. უბრალოდ, ჩვენს კლიენტებს მოუწევთ ამ იარლიყების მოსმენა და შემდეგ ყველა იმას, ვინც ამ იარლიყებს გამოიყენებს ჩვენი კლიენტების წინააღმდეგ, მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა კორძაძემ.

ასევე, მისივე განცხადებით, სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „მოწყალება არ ყოფილა“.

„ერთადერთი დატვირთვა ამ გადაწყვეტილებას ის აქვს, რომ არ გაჟღერებულიყო სიტყვა „გამართლდნენ ფულის გათეთრებაში“ და მეორე მხრივ, მიეცეს ვიღაცას პოლიტიკაში იმის თქმის უფლება, რომ სიტყვა „თაღლითები“გამოიყენონ მამუკას და ბადრის მიმართ. მოსამართლეს მოწყალება კი არ მოუღია?! - როცა მუხლი ხანდაზმულია მას ავტომატურად ეხება სასჯელისგან გათავისუფლება. მოსამართლეს რაიმე შეღავათი არ გაუკეთებია. გუშინ რომ მიღებულიყო გადაწყვეტილება და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაეკავებინათ, ბევრი ადამიანის აზრია, რომ ეს იქნებოდა გადადგმული ნაბიჯი თურქმენიზაციისკენ, რაც რომ არ მოხდა ძალიან კარგია. მეორე მხრივ, მოსამართლეს რომ გაებედა და გაემართლებინა ისინი, მაშინ ეს იქნებოდა დემოკრატიზაციისკენ და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი. არც ერთი მოხდა და არც მეორე, დავრჩით იქ, სადაც ვიყავით და რასაც ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულება“, - განაცხადა კორძაძემ და დასძინა, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ და პროკურატურამ ერთმანეთში საპროცესო გარიგება დადეს და ბრალდებულის გარეშე შეთანხმდნენ“.

„ვინმეს აქვს ამ ქვეყანაში განცდა, რომ ეს პოლიტიკური დევნა არ არის? გამართლება რომ არ ყოფილიყო, დასხდნენ და მოიფიქრეს რაღაც, რომელიც სამართალში არ ჯდება. წლები დასჭირდება მსოფლიოში, ბიზნესცირკულარში ამოშლას იმ ფაქტისას, რომ ფულის გათეთრების ბრალდება იყო წაყენებული ბიზნესმენების წინააღმდეგ. ეს იყო მიზანი. საგარეო მოხმარებისთვის სანამ სჭირდებოდათ, ეს იყო ფულის გათეთრება და ახლა შიდა მოხმარებისთვის „თაღლითი“ უფრო მოხმარებადია ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ იარლიყთან შეგუებას. იმედი მაქვს საქართველოს ორი ინსტანციის სასამართლო ამას გააუქმებს, თუ არა, საქმე სტრასბურგისთვის არის გამზადებული. ეს არის მე-6 მუხლის დარღვევა. ეს საქმე დამთავრდება თაღლითობის გაქარწყლებით, ისევე, როგორც სამი წლის წინ ვეუბნებოდით პროკურატურას, რომ ვერ დადგებოდა ამ საქმეზე ფულის გათეთრების განაჩენი“, - განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო