ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე

წამყვანი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები კანდიდატებთან დღევანდელი გასაუბრების პროცესში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დილიდან მიმდინარეობს, არ არიან წარმოდგენილი.

როგორც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განუცხადა, საკანონმდებლო პროცედურები არის ორიენტირებული არა კონსენსუსზე და მაღალ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სანდოობაზე, არამედ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე, ასეთ არაჯანსაღ პროცესში მათი მონაწილეობის აზრი კი ვერ დაინახეს.

მისი თქმით, კომისიის წევრი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი ოთხმა ორგანიზაციამ თქვა.

„ჩვენ წინა ჯერზე მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ამ ჯერზე აღარ ვმონაწილეობთ, რამდენიმე მიზეზის გამო. წინა წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ იმ წესით დაკომპლექტებულ კომისიაში მონაწილეობის მიღებას, როგორიც წინა წელს იყო და იგივე პრინციპით კომპლექტდებოდა, აზრი არ ჰქონდა იმდენად, რამდენადაც მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომისიის წევრთა უმრავლესობა წინასწარ შეთანხმებულად მოქმედებდა, შეთანხმებულ კანდიდატებს უჭერდნენ მხარს. ამდენად უბრალოდ აზრი არ ჰქონდა იმ კომისიაში მონაწილეობის მიღებას.

მეორე, რა თქმა უნდა, ზოგადად კომისიის დაკომპლექტების წესიც არ არის სწორი, შესარჩევი კომისია ამ წესით არ უნდა კომპლექტდებოდეს, ჩვენ ამაზე გვქონდა თავის დროზე საკანონმდებლო პროცესში შენიშვნები. დაკომპლექტების წესი რომ არ იყო გამართული და სწორი, გამოვლინდა იმითაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება როგორც იყო მიღებული წინა ჯერზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე იქონია გავლენა იმ არასწორმა წესმა, რომელიც კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

შემდეგი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ პარლამენტმა შეცვალა კანონმდებლობა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის წესს არეგულირებს და გაამარტივა უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის საკითხი. ამ გამარტივებული წესით, რეალურად 6 თვეში ერთხელ დანიშნავს პარლამენტი და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ პროფესიულ წევრებს და არ არის ორიენტირებული კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებაზე. რა თქმა უნდა, 6 თვეში ერთხელ არჩეული წევრი ყოველთვის იქნება დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე, პოლიტიკურ ნებაზე, რომ 6 თვის გასვლის შემდგომ ის კვლავ იყოს არჩეული და დანიშნული შესაბამის თანამდებობაზე. არჩევის წესი იმდენად არის გაუბრალოებული, პირდაპირ არის ორიენტირებული იმაზე, რომ 6 თვის ვადით იყვნენ დანიშნულები, რომ, როდესაც არ არიან გარანტირებული ამ თანამდებობაზე ყოფნით და მცირე ვადით არიან დანიშნული, ისინი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე იქნებიან დამოკიდებული და შესაბამისად დაბალი ვადით მათი დანიშვნა არ იძლევა მათი დამოუკიდებლობის გარანტიას.

კომისიის ხუთი წევრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოვადგენდით, ოთხმა უარი თქვა. წინა ჯერზე კომისიის წევრები ვიყავით ჩვენ, IDFI, მანაც უარი თქვა. „სამართლიანი არჩევნებიც“ იყო და უარი თქვა, „გამჭვირვალობამაც“ უარი თქვა. „მრავალეროვანი საქართველო" იყო წინა ჯერზე კომისიის წევრი და ისინი შევიდნენ ისევ კომისიაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო კიდევ შეთავაზებები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მათმა დიდმა ნაწილმა უარი თქვა“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო