შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე განაჩენით, დანაშაულის არსებობა დადასტურდა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს პირადი სიმპათია - ანტიპათიით მისაღები გადაწყვეტილება არაა

განაჩენით, რომელიც მოვისმინეთ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ეს არ არის პირადი სიმპათია - ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია და მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარმოადგენს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.

"განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს. ჩვენ სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს ვინაიდან, ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია- ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო