ლონდა თოლორაია - საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რომ რთულია პრინციპულ დროს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება - პრეზიდენტის ვეტო  იქნებოდა პარლამენტისთვის იმის თქმა, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები ასეთი წესით არ უნდა ტარდებოდეს

ვეტოს მოლოდინი მქონდა იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტმა გაავრცელა, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსა და "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ" კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელის მოწერის გადაწყვეტილება.

ლონდა თოლორაიას შეფასებით, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და თავად სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კრიტიკული განცხადებები ისმოდა, პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების შესაძლებლობას უშვებდა.

„ვეტოს მოლოდინი მქონდა იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტმა გაავრცელა. გუშინდელ განცხადებაშიც იგი ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონთან დაკავშირებით და ის პრობლემები, რომელიც მის გუშინდელ განცხადებაშია მითითებული, არის სამართლებრივი პრობლემები. ამიტომ, ვფიქრობ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვეტოს დასასაბუთებლად, თუმცა, რატომ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, ამაზე კითხვის ადრესატი ქალბატონი სალომე გახლავთ. რატომ გახდა აუცილებელი 2018 წელს გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ასე სწრაფად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ე.წ. რეფორმის გატარება, არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი კანონის ფორმულირებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, ზოგადად, ადამიანის უფლებების კუთხით, დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაში ასეთ უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით, ქვეყნის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. პარლამენტისთვის ეს იქნებოდა თქმა იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები ასეთი წესით არ უნდა ტარდებოდეს, როდესაც საქმე ეხება უწყების დაშლას და ადამიანის უფლებების დაცვას. ეს იქნებოდა პარლამენტისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ კარგად დაფიქრდით ამ რეფორმის გატარების დროს. ფაქტია, რომ პრეზიდენტმა იფიქრა, რადგან ბოლო დღეს იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. არ ვიცი შესაძლოა გავლენა მოახდინა იმანაც, რომ პარლამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ამ ვეტოს გადალახვა არანაირი ბარიერი არ იქნებოდა და არ აინტერესებდათ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რაც შესაძლოა ეთქვა საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის საწინააღმდეგოდ. ზოგადად, ძალიან რთულია ამ ქვეყანაში პრინციპულ დროს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, არ არის მარტივი თქვა ისეთი რაღაც, რაც უმრავლესობისთვის არ იქნება მოსაწონი“, - განაცხადა თოლორაიამ.

თოლორაია იმედოვნებს, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დღეს ამ უწყებაშია დასაქმებული, მუშაობას გააგრძელებს ახალ უწყებებში იგივე პირობებით.

რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა ახალ უწყებაში მუშაობის გაგრძელებას, თუკი შეთავაზებას მიიღებს, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეთავაზება იქნება მორიგი ფარსი.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის დაპირება, რომ ყველა თანამშრომელი დაიკავებს ზუსტად იმ პოზიციას, იმ ანაზღაურებით, იმ გარანტიებით, რომელიც დღეს აქვს ამ სამსახურში, ეს შესრულდება. მე თანამშრომლების ინტერესების დამცველად დავრჩები ასევე გარეთაც.

რაც შეეხება ჩემს დანიშვნას სადმე, ვფიქრობ, რომ ეს არარეალისტურია. არც მოქმედი კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ამის სამართლებრივ შესაძლებლობას არ იცნობს. პირველი მარტიდან მე ვარ სამსახურიდან გათავისუფლებული, ისევე როგორც ჩემი სამი პროფესიონალი მოადგილე. რაც შეეხება სხვა ტიპის შემოთავაზებას, ამ გუნდს, რომ სდომოდა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან თანამშრომლობა, ამაზე კანონში აუცილებლად იქნებოდა მითითება. თუ ადამიანი ორ საქმეს აკეთებს პროფესიონალურად, რატომ არ შეიძლება ეკეთებინა ასევე ერთი საქმე პროფესიონალურად, ვერ ვხვდები. ნებისმიერი შემოთავაზება ამ მიმართულებით იქნება ახალი ფარსი, რომელშიც ალბათ, მე მიმაღებინებენ მონაწილეობას, ისევე როგორც განხილვებში, პოსტ-ფაქტუმ ორი დღის პერიოდში მიგვაღებინეს მონაწილეობა“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა