გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვას ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია

ყაზახეთში განვითარებული პროცესების მიზეზებზე, ყაზახურ მოვლენებში რუსეთის როლსა და დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ძალების შესვლასა და გამოსვლის მიზეზებზე, ამ პროცესებში აშშ-სა და ჩინეთის სავარაუდო მონაწილეობასა და ყაზახეთის სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, 2012-2014 წლებში ყირგიზეთში ეუთო-ს მისიის ინსტიტუციური განვითარების ცენტრის ყოფილ უფროსს, 2014- 2021 წლებში კოსოვოში ეუთო-ს რეგიონული ცენტრის ყოფილ დირექტორს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 2022 წლის პირველივე დღეებში დრამატულად და ტრაგიკულად განვითარდა პროცესები ყაზახეთში. უცნაური იყო ის, რომ ამ პროცესების ფონზე „ერის მამად“ აღიარებული ექსპრეზიდენტი და სულ ცოტა ხნის წინ უშიშროების საბჭოს მდივანი ნაზარბაევი საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართა და მყისიერად შევიდა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ძალები. მართალია, 13 იანვარს მათ გასვლა დაიწყეს. ამ თემაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ყაზახური ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით 2 იანვარს სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში გამოსული ხალხის აქტივობა, რომელიც შემდეგ არეულობებში გადაიზარდა, რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.

მათივე მტკიცებით კრემლის მიზანი იყო ბელორუსის მსგავსად ბოლომდე დაექვემდებარებინა ყაზახეთი. ამისთვის იქნა ორგანიზებული არეულობები, რომელშიც თითქოს ტერორისტები, ისლამისტები და ვაჰაბიტები მონაწილეობდნენ.

მეტიც, რუსეთს სურდა ყაზახეთის ოკუპაცია.

ყაზახეთში არეულობების დაწყებისთანავე ყაზახი ექსპერტების კოორდინატები კი მოვიპოვე, მაგრამ მათთან დაკავშირება დღემდე ვერ ხერხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ყაზახეთის მეზობელ ყირგიზეთში ეუთო-ს მისიაში მოგიწიათ მუშაობა და ყაზახეთშიც ბევრჯერ გქონიათ სამსახურებრივი საქმე, ახლაც გაქვთ იქაურებთან კავშირები, თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს?

- სანამ შევაფასებდეთ ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს რომლის მომსწრენიც გავხდით ახალი წლის დადგომისთანავე ყაზახეთში, კარგად უნდა გავიაზროთ ყაზახური საზოგადოებრივი სტრუქტურა.

მიუხედავად იმისა რომ ყაზახეთი არის საკმაოდ განვითარებული, და შეიძლება ითქვას თანამედროვე ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი რესურსული ბაზა, ინდუსტრია და ინტელექტუალური კაპიტალი, ტრადიციულად ეს არის საზოგადოება რომელიც ეყრდნობა თემურ წყობას.

კარგადაა ცნობილი რომ ყაზახური ეთნოსი შესდგება სამი ჟუსისგან - თემთა გაერთიანებები, და უთემო საზოგადოებების სტრუქტურიდან. ისტორიულად ასეთმა წყობამ უზრუნველყო საზოგადოებაში ბალანსის შენარჩუნება.

პირველად ეს ბალანსი დაირღვა 1986 წელს როდესაც მოსკოვმა ჩაანაცვლა დინმუჰამედ კუნაევი გენადი კოლბინით, საქართველოს ცკ-ს ყოფილი მეორე მდივნით. ამან გამოიწვია მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და მასობრივი პროტესტი ალმატის ქუჩებში.

დღევანდელი პროცესები მიუთითებენ, რომ მმართველ ელიტაში 80-იანი წლების ბოლოდან არსებული ბალანსი, რომელსაც უზრუნველყოფდა ნურსულთან ნაზარბაევის მმართველობა ნელ-ნელა ირღვევა. ეს ჩემი აზრით განპირობებული იყო რეალური ძალაუფლების ტრანზიტთთან დაკავშირებულ გაუგებარ სიტუაციას. ერთის მხრივ ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, მეორე მხრივ ერის მამა „ელბასი“. ამიტომ შესაძლებელია რომ რაღაც ჯგუფებმა მოინდომეს უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვება.

მშვიდობიანმა პროტესტმა იფეთქა ნავთობითა და გაზის საბადოებით მდიდარ დასავლეთ ყაზახეთში და როგორც ვიცით სოციალურ-ეკონომიკური საკითხებით იყო განპირობებული. შემდეგში ეს პროტესტი სწრაფად გავრცელდა ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე. ჩემთვის არ იყო მოულოდნელი რომ პროტესტის გავრცელება საკმაოდ სწრაფად, რადგან ცნობილია, ყაზახებს და ყირგიზებს აქვთ სწრაფი მობილიზაციის უნარი.

მაგრამ, აქ მთავარი იყო ის რომ სოციალურ მოთხოვნებს დაემატა პოლიტიკური ლოზუნგები, არსებული მმართველობის შესაცვლელად. ამან გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში და უპირველეს ყოვლისა ალმატიში.

ამავდროულად ჩვენ ვნახეთ რომ ამ შეტაკებებში ძალოვნების ნაწილი ღიად გადადიოდა მეორე მხარეს, რაც ამყარებს თეზის რომ ყაზახები ყველანი ძმები არიან. ამ პროტესტების ბუნება იყო სპონტანური, არაკოორდინირებული და აშკარად აკლდა საერთო საორგანიზაციო ცენტრი.

გარდატეხა მოხდა 5 იანვარს, როდესაც, არსებული ვითარების გამოყენებით, ჩემი აზრით თამაშში ჩაერთო მმართველი ელიტის სხვადასხვა ძალიან მდიდარი და გავლენიანი კლანი, ძალაუფლების გადასანაწილებლად.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივია რუსეთმა სწრაფად იმოქმედა, და ყაზახეთი მასშტაბებიდან გამომდინარე გამოაგზავნა საკმაოდ მცირე კონტინგენტი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ დასაწყნარებელი იყო არა ხალხის მასები, არამედ დღის წესრიგში უფრო იდგა წერტილოვანი ოპერაციის ჩატარება. რაც განხორციელდა კიდეც. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ჯარების გაყვანა უკვე ოფიციალურადაა დაწყებული.

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყაზახეთში განვითარებული მოვლენები არ იყო რევოლუცია. მომხდარი უფრო იყო თემური/კლანური გარჩევები ძალაუფლების და გავლენების ხელახლა გადანაწილებისათვის დაწყებული პროცესი.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენები არ იყო რევოლუცია. მომხდარი უფრო იყო თემური/კლანური გარჩევები ძალაუფლების და გავლენების ხელახლა გადანაწილებისათვის დაწყებული პროცესი

მიუხედავად იმისა რომ ოდბკ-ს ძალების შეყვანამ გაამყარა პრეზიდენტ თოყაევის პოზიციები, მან გაიგო რომ მას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება და ყაზახებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყნის ქვეყნის ოკუპაცია მოხდა. პრეზიდენტ თოყაევის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, ამიტომაც, ხალხის გულის მოსაგებად შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომელშიც მდიდარი ადგილობრივი ბიზნესმენები გადარიცხავენ სახსრებს, რომელიც უბრალო ხალხის საჭიროებებისთვის დაიხარჯება.

- ყაზახეთი საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსებით. ცხოვრების დონეც საკმაოდ მაღალია, თუმცა იმავე რესურსით გათვალისწინებით უფრო მდიდარი უნდა იყოს ქვეყანა და ხალხიც უკეთ ცხოვრობდეს.

სსრკ-ს დაშლიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ ყაზახეთში განვითარებულ პროცესებზე დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. მეტიც, ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თანამედროვე ყაზახეთში გარკვეული ტიპის თემურ-კლანურ-გვაროვნული მმართველობაა, რაც იმაზე გაცილებთ უარესია, რაც საბჭოთა მმართევლობის დროს იყო. და ყველა პროცესს, ისევე როგორც რუსეთში ძალოვნები და ოლიგარქიული კლანები მართავენ.

დაგვავალებთ თუ გაგვარკვევთ ყაზახეთის მმართველობის სისტემაში, ასევე იმაში, სავარაუდოდ, რატომ დაუჭირა მხარი პუტინმა თოყაევის კლანს და არა ვთქვათ ნაზარბაევის კლანს, როგორც ახლა ყაზახეთში ამბობენ?

- ფაქტია რომ 30 წლოვანი დამოუკიდებლობის პერიოდი ყაზახეთისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ეს განპირობებული იყო ეკონომიკის ზრდით, უცხოური ინვესტიციების სიმრავლით და ქვეყნის სტაბილურობით. მინდა გითხრათ რომ დამოუკიდებელ ყაზახეთში, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ცხოვრების დონე საკმაოდ გაუმჯობესდა.

როგორც ვახსენე, ტრადიციულად ყაზახური მმართველობა თემურ-კლანურ სტრუქტურას ეყრდნობა. ამ თემებს ჰყავთ თავისი ხელმძღვანელები და მათ შორის არსებობს ბალანსი. აქამდე ყველას კარგად ესმოდა რომ აღნიშნული ბალანსის რღვევას აუცილებლად მოჰყვება მთელი სისტემის მოშლა. ამიტომაც ყველა ცდილობს რომ ბალანსი შენარჩუნდეს.

ასეთი გადაწყვეტილებები ზოგადად მიიღება ე.წ. აგაშკების - თემური ავტორიტეტების მიერ. შესაძლებელია და დასაშვებია, რომ ოდბკ-ს ძალების გაყვანის გადაწყვეტილებაც, ნაწილობრივ მაინც ასეთ პროცესებთან არის დაკავშირებული.

რუსეთის დამოკიდებულებას და მოქმედებას რაც ეხება, უნდა ითქვას, რომ ეს მოქმედება იყო მოზომილი და პრაგმატულად გათვლილი. ჩემი აზრით, ასეთ ჩარევას ჰქონდა კონკრეტული მიზნები, რომლებიც მოკლე ხანში იყო რეალიზებული. ამიტომ ვითარების დალაგების შემდეგ ისინი ტოვებენ ქვეყანას.

აქვე ჩანს, რომ რუსეთისთვის მთავარი არაა პიროვნება, ანუ ვინ უხელმძღვანელებს ფორმალურად თუ ფაქტობრივად ქვეყანას, მათთვის მნიშვნელოვანია რომ კავშირი მოსკოვთან იყოს მუდმივი და მჭიდრო, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ, ეს არ იყო თოყაევის მხარდაჭერა, ეს უფრო იყო მხარეების დაშოშმინების ოპერაცია.

რუსეთისთვის მთავარი არაა პიროვნება, ანუ ვინ უხელმძღვანელებს ფორმალურად თუ ფაქტობრივად ქვეყანას, მათთვის მნიშვნელოვანია რომ კავშირი მოსკოვთან იყოს მუდმივი და მჭიდრო, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ, ეს არ იყო თოყაევის მხარდაჭერა, ეს უფრო იყო მხარეების დაშოშმინების ოპერაცია

ნაზარბაევი დარჩება როგორც სიმბოლო ყაზახური სახელმწიფოებრიობის. აქედან გამომდინარე მისი და ახლო გარემოცვის ინტერესებიც სავარაუდოდ დაცული იქნება. ვფიქრობ, რომ კლანებს შორის ბალანსი, მცირე კორექტირებებით აღდგა, და ვითარებაც ჩაწყნარდა.

- ყაზახი პატრიოტების მტკიცებით პუტინს ყირიმის მსგავსად შეეძლო ყაზახეთის ჩრდილოეთ ტერიტორიების მიერთება, მაგრამ მისი მიზანი იყო მთელ ყაზახეთზე ჯერ კონტროლის დამყარება და შემდეგ ბელორუსთან ერთად მიერთება და არა მარტო უკრაინისთვის პრეცედენტის შექმნა.

მაგრამ, ყაზახეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ კრემლის ყაზახეთში ბელორუსული სცენარით მოვლენების განვითარება გაუჭირდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ რუსეთისა და დსთ-ს კოლექტიურმა ძალებმა ქვეყნიდან გასვლა უკვე დაიწყეს.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინს ყაზახეთიდან თავისი და დსთ-ს სხვა ქვეყნების სამხედროების გაყვანა თავისი ნებით არ დაუწყია. რომ ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ჩინეთმა და აშშ-მ შეასრულეს.

რადგან ყაზახეთის უშუალო მეზობელი ჩინეთია, ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობებზე, ყაზახურ ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩინეთის მონაწილეობაზე გავაგრძელოთ საუბარი.

ვიცით, რომ ყაზახების საკმაოდ დიდი ნაწილს ჩინეთის მიმართ შიშები აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ყაზახეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს.

რამდენად დიდია დღევანდელ ყაზახურ ეკონომიკაში, პოლიტიკაში და საერთოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩინეთის მონაწილეობა და პოზიციები და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყაზახეთიდან რუსული ჯარის გასვლის დაწყებაში პეკინის როლი გადამწყვეტი იყო?

- დავიწყოთ ჩრდილოეთ ყაზახეთით, ყირიმით და ბელორუსიის სიტუაციასთან მსგავსებებით. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ყველა ამ სიტუაციას სხვადასხვანაირი ვითარება და პირობები ახლავს თან.

მოკლედ რომ ვთქვათ - ყირიმში იყო ბაზირებული ძალიან დიდი რუსული სამხედრო დაჯგუფება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა 2014 წლის ანექსიის ოპერაციაში.

გარდა ამისა, გეოგრაფიულადაც ყირიმი ძალიან ვიწრო გადასასვლელით არის დაკავშირებული უკრაინის კონტინენტურ ნაწილთან, რაც აადვილებს მის დაცვას. ჩრდილოეთ ყაზახეთში არცერთი ეს უპირატესობა რუსეთს ამჯერად არა აქვს.

რაც შეეხება ბელარუსს, ეს შედარებაც უადგილოა, რადგან პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროცესებზეა საუბარი, და რაც მთავარია ყაზახეთის მასშტაბები საჭიროებს უზარმაზარ ცოცხალ ძალას, და სხვა რესურს რომ მოხდეს სრული კონტროლი როგორც ტერიტორიის ასე მოსახლეობის.

რთულად წარმოსადგენია ზემოთ მოტანილი ლოჯისტიკური, რესურსული და სამხედრო ამოცანის შესასრულებლად იპოვო ძალები.

რაც შეეხება გარე ფაქტორებს და კერძოდ ჩინეთს. ცხადია ამ ქვეყანას, რომელიც აღზევებას განიცდის, დიდი გავლენა აქვს მის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის რეგიონზე. რა თქმა უნდა, ჩინეთის ინტერესები მოიცავს როგორც ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროს, აგრეთვე პოლიტიკურ, სტრატეგიულ და სამხედრო ინტერესებს.

მოგეხსენებათ ყაზახეთიც და ჩინეთიც არიან შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები. უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთს აბრეშუმის გზის პროექტში ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს და სწორედ მასში მონაწილეობის შემდეგ ყაზახეთი იქცა ერთ-ერთ ძირითად სახმელეთო დამაკავშირებელ რგოლად ევროპასა და ჩინეთს შორის.

ყაზახეთს აბრეშუმის გზის პროექტში ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს და სწორედ მასში მონაწილეობის შემდეგ ყაზახეთი იქცა ერთ-ერთ ძირითად სახმელეთო დამაკავშირებელ რგოლად ევროპასა და ჩინეთს შორის

ეს სატრანზიტო როლი ახალია ყაზახეთისთვის და მიზნად ისახავს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რა თქმა უნდა საერთაშორისო ეკონომიკურ ინტეგრაციაში უფრო წონადი როლის შესრულებას. საერთო სტრატეგიული პროექტების რეალიზაცია რასაკვირველია აძლიერებს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ კავშირებს.

ყაზახეთში განვითარებულ პროცესებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოკლე მაგრამ ძალიან შინაარსიანი იყო. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ყაზახეთის ძალისხმევას წესრიგის აღსადგენად და მზად არის დახმარება გაუწიოს მას სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მეშვეობით. ეს განცხადება რა თქმა უნდა, საყურადღებოა ოდბკ-ს ძალების გაყვანის კონტექსტში და ბევრ რამეზე მიუთითებს.

ყაზახეთში მიმდინარე პროცესებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოკლე მაგრამ ძალიან შინაარსიანი იყო... ეს განცხადება რა თქმა უნდა, საყურადღებოა ოდბკ-ს ძალების გაყვანის კონტექსტში და ბევრ რამეზე მიუთითებს

- მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩინეთი საკმაოდ მონაწილეობს, ამ ქვეყანაში ამერიკაც საკმაოდ სერიოზულადაა წარმოდგენილი.

ყაზახეთი ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა, ბევრი აქვს ნავთობი, გაზი, ურანი და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რესურსები. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყაზახეთის ბუნებრივი რესურსების დაუფლებაში, ამ სფეროების რეფორმირება გადაიარაღებაში ამერიკულმა ბიზნესმა დიდი კაპიტალი ჩადო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ პროცესს რომ ექსპრეზიდენტმა ნაზარბაევმა შეუწყო ხელი, ფაქტია.

აშშ-ს ყაზახეთში დემოკრატიაზე მეტად, კორუფციასთან ბრძოლაზე მეტად და საბჭოთა ყაზახეთის საზოგადოების ტრანსფორმირებაზე მეტად, რესურსები აინტერესებდა და ეს მას იქ აქვს.

მიუხედავად კითხვას მაინც ასე დავსვამ - რამდენად ძლიერადაა წარმოდგენილი ყაზახეთში აშშ? რამდენად დიდია აშშ-ს გავლენა ყაზახეთის ეკონომიკაში და გავლენა პოლიტიკაზე?

- აშშ ყაზახეთის ეკონომიკაში რა თქმა უნდა ფართოდ არის წარმოდგენილი. რასაკვირველია, უზარმაზარი რესურსული ბაზა, რომელიც გააჩნია ქვეყანას იყო და არის უაღრესად მიმზიდველი საერთაშორისო კაპიტალისთვის.

ამერიკული კაპიტალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ყაზახეთის ეკონომიკაში. ბოლო წლის მონაცემებით 30 წლის მანძილზე აშშ-ს ბიზნეს ინვესტიციებმა 55 მილიარდ დოლარამდე შეადგენს, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ძნელად თუ მოიძებნება ასეთი მოცულობითი ამერიკული ინვესტიციები.

ბოლო წლის მონაცემებით 30 წლის მანძილზე აშშ-ს ბიზნეს ინვესტიციებმა 55 მილიარდ დოლარამდე შეადგენს, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ძნელად თუ მოიძებნება ასეთი მოცულობითი ამერიკული ინვესტიციები

პოლიტიკური თვალსაზრისით, აშშ-ს და დასავლეთს აქვთ თავისი პოლიტიკური ხედვები ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართ. ჩემის აზრით, ბევრისთვის ყაზახეთი ყოველთვის განიხილებოდა როგორც რეგიონული ეკონომიკური და პოლიტიკური ჰაბი. ეს რასაკვირველია ქვეყნის სტაბილურობას ეყრდნობოდა და საკმაოდ მნიშვნელოვან წონას სძენდა ქვეყანას.

- ახლა, როცა ყაზახეთში ვითარება თითქოს ლაგდება, მთავარი საკითხია, გახდება თუ არა ყაზახური საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა შეინარჩუნებს თუ არა თოყაევის ხელისუფლება ძალაუფლებას.

მიუხედავად იმისა რომ ყაზახეთის მოსახლეობა რუსეთის მიმართ საკმაოდ ლოიალური იყო, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ყაზახები სულაც არ აპირებენ რუსული სამყაროს ნაწილი გახდნენ.

ამის დასტური იყო ისიც, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი პრეზიდენტ თოყაევს საყვედურობდა იმას, რომ მან თითქოს არეულობების ჩასახშობად რუსებს სთხოვა დახმარება. სწორედ ამ ნაწილმა მოითხოვა პრეზიდენტ თოყაევისაგან ყაზახეთიდან რუსული ჯარების გასვლა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ყაზახეთში? შეძლებს თოყაევის ხელისუფლების შესარჩუნებას? შეიძლება იყოს იმის მოლოდინი, რომ ყაზახეთში დიდი პოლიტიკური ცვლილებები დაიწყება?

- ჩემის აზრით ყაზახეთის პოლიტიკურ და კლანური ელიტებში გარიგება უკვე დაიდო. ნაზარბაევის როლი ამ ბალანსში სავარაუდოდ იქნება შენარჩუნებული ისევე როგორც ეკონომიკური ინტერესები. ყველა დანარჩენ ასპექტზე ახლა საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ყაზახეთის პოლიტიკურ და კლანური ელიტებში გარიგება უკვე დაიდო. ნაზარბაევის როლი ამ ბალანსში სავარაუდოდ იქნება შენარჩუნებული ისევე როგორც ეკონომიკური ინტერესები. ყველა დანარჩენ ასპექტზე ახლა საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს

დღეისთვის ცხადია რომ სიღრმისეული ცვლილებები, თუნდაც არსებობდეს, ჯერ არ გამოაშკარავდება. ახლა ხელისუფლებისთვის უმთავრესია რომ სიტუაცია დაწყნარდეს და აღდგეს ცხოვრების ნორმალური რეჟიმი.

ამავდროულად მნიშვნელოვანია ოდკბ-ს ძალების გაყვანა, რადგან ცხადია ის რომ. ყაზახური საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ყაზახურ პროცესებში ოდბკ-ს კონტინგენტის მონაწილეობა არაერთგვაროვნადა იქნა აღქმული და წარმოადგენს გამაღიზიანებელ ფაქტორს. ყველაფერი ეს უბიძგებს მმართველ ელიტას ხალხისათვის მისაღები ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ახლო მომავალში მოსალოდნელია.

ყაზახეთში განვითარებული პროცესები და არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, იმაზე, სავარაუდოდ, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს