დავით ზალკალიანი - ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს იმას, რომ ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატოში დაგეგმილ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციის და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით და თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მათ შორის მადრიდის სამიტის წინ, იმისთვის, რომ საქართველოს მიზნები, რაც უკავშირდება ნატო-ში გაწევრიანებას, რეალიზდეს.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მათგან, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე, თუმცა ის შინაარსი საუბრებისა, რომელიც მე მქონდა ნატო-ს მაღალჩინოსნებთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს გავლენის სფეროებზე და რომ ნატოს გაფართოების საკითხი არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს ნატოში გაწევრიანება და ნატოს გადასაწყვეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველო არის თანმიმდევრული და ქვეყნის გეგმები მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, უცვლელი რჩება და სახელმწიფოს მიდგომებში არაფერი იცვლება.

„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ. არაფერი არ იცვლება ჩვენს მიდგომებში, ისევე როგორც მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს გზავნილს მოვისმენთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი გეგმები მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, არის ისეთი, როგორიც იყო მანამდე. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეცვლის პოზიციას, მაგრამ აუცილებელია, რომ დიალოგი გაგრძლედეს . ეს გაჟღერდა როგორც გენერალური მდივნის მხრიდან, ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომ დიალოგი უნდა გაგრძლედეს, მაგრამ არა იმ წინაპირობების ხარჯზე და იმ წინაპირობებით, რა წინაპირობებსაც რუსეთის ფედერაცია აყენებს ნატოს გაფართოების კონტექსტში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან დაამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა