ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ „ქართლში“ მამაკაცის გარდაცვალებაზე - პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა - ჩემი თხოვნაა, გამოძიებას დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გადმოხტომისა და გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და განმარტა, რომ სამინისტრო დევნილების განსახლების საკითხზე მუშაობს და არსებული გეგმის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 ათას დევნილი იქნება ბინით უზრუნველყოფილი.

„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ და იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი და ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით ამ პროცესს და იმ დათქმულ ვადებში ამ პირობებს შევასრულებთ.

რაც შეეხება დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს, მოკლე სტატისტიკას მოგიყვანთ: 2004-დან 2012 წლამდე სულ ბინა გადაეცა 18 ათასზე ცოტა მეტ დევნილს, 2012-დან 2021 წლებში ეს იყო 27 ათასზე მეტი ოჯახი, ვინც დაკმაყოფილდა ბინებით. ჩვენი მომდევნო 3 წლის სტრატეგია არის, მინიმუმ 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, მაგრამ ეს არის მინიმუმი და ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. ჯამში გვრჩება 46 ათას ოჯახამდე, რომელთაც ეტაპობრივად დავაკმაყოფილებთ.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან,“- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს