ლევან იოსელიანი - პრინციპული წინააღმდეგი ვარ, სააკაშვილის დღის წესრიგი იყოს განმსაზღვრელი კიდევ 6 თვე - პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ ერთ პოლიტიკოსზე უნდა იყოს საუბარი

პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი, როგორც ერთი პოლიტიკოსის და მისი პარტიის, იყოს პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი საქართველოში, კიდევ მომავალი 6 თვის მანძილზე, როდესაც საგამოძიებო კომისია იმუშავებს , - ამის შესახებ „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებითვე, იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნება“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, ეს იქნება იმის დასტური, რომ პროცესი კვლავ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში გაგრძელდება.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ თუკი რაიმე წარმატების მიღწევა სურს, მნიშვნელოვანია წინა პლანზე წამოწიოს ის საკითხები, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.

„ეს უნდა იყოს მთავარი დღის წესრიგი და ამის კარგი ტესტი იქნება ახალი საპარლამენტო წელი, რომელიც დაიწყება. მიუხედავად იმისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი შემოიტანოს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია, იმედი მაქვს, რომ ამას „ქართული ოცნება“ არ დაუჭერს მხარს, თუ დაუჭერს მხარს, ეს იქნება პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ შეუძლიათ ეს ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში გააგრძელონ.

პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი, როგორც ერთი პოლიტიკოსის და მისი პარტიის, იყოს პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი საქართველოში, კიდევ მომავალი 6 თვის მანძილზე, როდესაც საგამოძიებო კომისია იმუშავებს. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ ერთ პოლიტიკოსზე და პარტიაზე უნდა იყოს საუბარი, პარლამენტი არის, სადაც საუბარი უნდა ხალხზე, ხალხის პრობლემებზე, იმ საკითხებზე, რაზეც დავიწყეთ საუბარი, - დევნილებზე, წამლის ფასებზე, სოციალურად დაუცველზე, პენსიებზე და ა.შ.

„ნაცმოძრაობა“ მგონი ხვდება, რომ თუ უნდა, რომ რაღაც ტიპის წარმატებას მიაღწიოს სამომავლოდ, უნდა დაიწყონ საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, რაც სწორი არის“, - განაცხადა იოსელიანმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეხო ასევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ეს არა თუ ახალი კადრების შემოყვანა, არამედ ძველი სახეების წინ წამოწევის პროცესია.

როგორც „მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე იკავებს მთავარ პოზიციებს.

„ეს ცოტა ღიმილისმომგვრელი იყო. თუ გადახედავთ რა პოლიტიკოსები, რომელი კადრები წამოწიეს წინ და ვინ ჩააჩოჩეს, მიხვდებით, რომ პირიქით, - ძველი, 2012 წლამდე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სახეების წამოწევა ხდება და იმ ადამიანების, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით იმ ბრალდებებში, რაც მათ მიმართ სამართლიანად არსებობს, პრაქტიკულად, გვერდზე გაირიყა. ახალი სახეების შემოყვანა კი არა, ძველი სახეების წამოწევა ხდება, რომლებთანაც არის დაკავშირებული მთავარი პრეტენზიები. როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! საერთოდ, როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ადამიანი ერთმანეთს?! - ეს მიუთითებს ტენდენციაზე, რომ განახლების საპირისპირო პროცესი მიდის. საბოლოოდ ეს პარტია დარჩება იმ ადამიანების ამარა, ვინც თავიდანვე იყვნენ ამ პარტიაში და მიხეილ სააკაშვილიც ამყარებს თავის ძირითად იმედებს. პირველ პირთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე იკავებს მთავარ პოზიციებს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო