„ნაციონალური მოძრაობა“ - ვითხოვთ, პასუხისმგებლობა დაეკისროს დავით ფაცაციას და ზურაბ აზარაშვილს და დაკავებული თანამდებობები დატოვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის დავით ფაცაციას მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სანატრიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა მოქალაქეს.

პარტია ითხოვს, საქმის მაქსიმალურ ღიაობას და აღნიშნავს, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები.

"გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ვუსამძირებთ ოჯახს და მთელს საქართველოს. იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუკარგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული. ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი.

დღეს, ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავალტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს. დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით - ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარაოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი, ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები. დაეკისროს პასუხისმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა