მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა

ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, იმუშაონ ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, ყველა აქტივისტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებსაც სურთ ცვლილებები.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულ საკრებულოს წევრების მიმართ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო,

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით და გაყალბდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიყვანა ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი მებრძოლი პარტიის განადგურების ყველანაირი მცდელობა დამარცხდა და ჩვენ წლებთან ერთად გავმრავლდით.

ყველა შევიწროების მიუხედავად, ჩვენ გვყავს 500-ზე მეტი წევრი. თქვენი უმეტესობა არის მართვის პოზიტიური გამოცდილების მქონე, გაიარა ძალიან ბევრი ბრძოლა. ამავე დროს შემოგვიერთდა ბევრი ახალგაზრდა ახლებური ხედვით და ენერგიით.

იმ წნეხის პირობებში, რასაც განიცდიან ეს მოხელეები, ამ ეტაპზე სულაც არაა აუცილებელი, მათ მოვთხოვოთ პროტესტის ღიად გამოთქმა. უბრალოდ, უკვე ის ფაქტი, რომ პატიოსნად ასრულებენ თავის მოვალეობას, იმსახურებს დაფასებას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მათგან ობიექტური ინფორმაციის მოპოვება არსებულ მდგომარეობაზე, დარღვევებსა და მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

ჩვენს პარტიას იმედით შეჰყურებს ხალხი. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება, რომ ხალხს დავრაზმავთ და შევძლებთ ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციის შეცვლას. რიგგარეშე არჩევნების გზით დღეს რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობაზე ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია თანხმდება. და ეს არამარტო იმიტომ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია, არამედ იმიტომ, რომ უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით შეიძლება.

როგორ უნდა მივაღწიოთ ამას?

ჩვენი ხედვა უნდა მივიტანოთ ყველგან, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანთან, კორუფციისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების მხილებით. სოციალური ჩაგვრის კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებით, ადგილზე მისვლით, პროტესტის გამოთქმით სასამართლოში სარჩელების შეტანით, მედიაში და მათ შორის, სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანიით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში, რომელიც ეხება ხელფასების არათანაბარ განაწილებას, სოციალურ დახმარებაზე უარის თქმას, უსამართლო ტენდერებს, როგორც წესი ფულის მოპარვის გამო მიტოვებულ პროექტებს, ადგილობრივ კორუმპირებულ ჯგუფებსა და ცენტრალურ ხელისუფლებაში მოკალათებულ მძარცველთა ბანდას უკან დავახევინოთ.

ჩვენ უკვე გვაქვს კარგი მაგალითები ბოლო კვირებსა და დღეებში გურიისა და სამეგრელოს, ქუთაისისა და ბათუმის, თელავის, თბილისის საკრებულოებში გამართული ბრძოლის და ეს მაგალითი უნდა განვავრცოთ უკლებლივ ყველა საკრებულოზე.

თქვენ ძირითად დროს უნდა ატარებდეთ ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობასთან, ვიდრე კაბინეტში. მითუმეტეს, რომ ბევრი თქვენგანის ოჯახს ზუსტად ასევე უჭირს და თქვენ საკუთარ მაგალითზე იცით, რა არის გაჭირვება და უსამართლობა.

ამავე დროს, მოგიწოდებთ იმუშაოთ ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, ყველა აქტივისტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებსაც სურთ ცვლილებები. ეს შეიძლება ეხებოდეს ბევრ სხვადასხვა საკითხს, ჯანდაცვას, ეკოლოგიას, განათლებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის უფლებებს.

ჩვენ წინა ხაზზე უნდა ვიყოთ ადამიანის უფლებების ბრძოლის საქმეში, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უდანაშაულო ადამიანების დევნის, უსამართლო მიყურადების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევას.

მინდა გირჩიოთ, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ, იმ სახელმწიფო მოხელეებს, მასწავლებლებს, ექიმებს, ვინც პატიოსნად ასრულებს საკუთარ მოვალეობებს მიუხედავად მათი პარტიული სიმპათიებისა. ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანი იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ჩვენი პოტენციური მოკავშირეა.

ამ წერილს მე გწერთ საპყრობილიდან, სადაც რეჟიმს ტყვედ ვყავარ აყვანილი. ნუ დაგაკომპლექსებთ ნურც ჩემი ტყვეობა და ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვიცოდი რაზე მივდიოდი, როცა აქ მოვდიოდი. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი მდგომარეობა, ჩვენი საერთო საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - ქართველი ხალხის სრულ გამარჯვებამდე. და იცოდეთ, ამ გამარჯვებაში თითოეული თქვენგანის როლი და ფუნქცია შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება. თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყველგან, ადგილზე უსამართლობის დაბლოკვა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყოველდღიური მომზადება სჭირდება. როგორც პარტიის ცენტრალურ რგოლში მოხდა ცვლილებები, ასევე ადგილზე გადაჯგუფება, ახალი ხალხის მოზიდვა და ნიჰილიზმის დამარცხება.

ჩვენ ვართ დიდ ბრძოლაში - საქართველოს გადარჩენისთვის და ამ ბრძოლის წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს!”, - წერს სააკაშვილი წერილში.

იხილეთ ვიდეო:

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა