გიორგი სიორიძე - სახეზე გვაქვს ხელისუფლების თვითნებური დამოკიდებულება - „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ აქვს დეკლარირებული, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდება ის, ვინც მათ სურთ და იმდენჯერ 6 თვით, რამდენიც საჭირო იქნება

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი წაშლილია, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე აცხადებს.

მისივე თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და მმართველი პარტია ამ პროცესშიც „ხელის გადაგრეხვის“ პრინციპით მოქმედებს.

„თუ შარშან ჯერ კიდევ არსებობდა მათი საჯარო იმიჯისთვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ და ოპოზიციის ბოიკოტიდან პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ კონსენსუსზე ეზრუნათ, ეს წითელი ხაზი მათთვის უკვე გადალახულია. როდესაც 2021 წელს ერთპარტიულად ირჩევდნენ ცესკოს თავმჯდომარეს, ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ მათი მხრიდან დათმობებზე წამოსვლა და კონსტრუქციული ფორმატი მხოლოდ ხაფანგი და ფარსი იყო. დღეს მზაკვრობა შეცვალა თვითნებობამ -„ქართულ ოცნებას“ უკვე პირდაპირ აქვს დეკლარირებული, რომ ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის, ვინც მათ სურთ და იმდენჯერ 6 თვით, რამდენიც საჭირო იქნება. ამის დასტურია წინასაახალწლოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ოთხეტაპიანი კენჭისყრა და კენჭისყრებს შორის ოთხკვირიანი შუალედები გაუქმდა და ერთ დღეში, მხოლოდ 2 კენჭისყრით არის შესაძლებელი მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატების არჩევა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ თანამდებობაზე 6 თვით გამწესებისთვის კონსულტაციებისთვის გამიზნული ოთხთვიანი პროცესი უაზრობაა, რითიც პირდაპირ დაადასტურეს ზემოთქმული და მზაობაც კი არ გამოხატეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის", - განაცხადა სიორიძემ.

ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესის დისკრედიტაციაზე მიუთითებს ისიც, რომ პროცესში არ მონაწილეობენ მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ამასთან, კანდიდატების შერჩევის პირველ ეტაპზე, საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა „სამართლიანი არჩევნები“, საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და IDFI. ეს ბოიკოტი ცხადყოფს იმ იმედგაცრუებას, რომელიც გასულ წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაჩნდა არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში, არამედ მესამე სექტორშიც. თანამდებობაზე გამწესება 6 თვის ვადით მიუთითებს არა მხოლოდ ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე, არამედ დამოუკიდებლობის ხარისხის ინდიკატორიცაა. რეფორმაზე მუშაობისას, მე და ანა ნაცვლიშვილმა, რომლებიც წარმოვადგენდით „ლელოს“ მოლაპარაკებების მაგიდაზე, პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პირველ ეტაპთან დაკავშირებით შევძელით იმის მიღწევა, რომ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი შეგვეცვალა, ასევე სავალდებულო გაგვეხადა გასაუბრება", - განაცხადა სიორიძემ.

როგორც სიორიძე აღნიშნავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეიძლებოდა შემდგარიყო კონსენსუსი.

„მიუხედავად იმისა, რომ წელს ამ სიახლეების შედეგად წარმართული პროცესი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა გასული წლის კონკურსთან შედარებითაც კი, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის არის ადამიანი, რომელიც, ერთი მხრივ, მაღალი დონის პროფესიონალია, მეორე მხრივ კი, არასოდეს ყოფილა ნომენკლატურის ნაწილი. თენგიზ თევზაძე შეიძლება იყოს სწორედ ის კანდიდატი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეიძლება კონსენსუსი შემდგარიყო. ეს კონსენსუსი შესაბამისობაში იქნებოდა, როგორც კანონმდებლის მიზანთან, ასევე 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან და მიმართული იქნებოდა დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეესკალაციისკენ", - განაცხადა სიორიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს