მამუკა ხაზარაძე უკრაინის საკითხზე - საქართველოს სირაქლემას პოზიცია უკავია და დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი ღირსების განცდა

„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალად საქართველოში, შესაბამისად, ის პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ ახლა უკრაინასთან მიმართებით, არ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, იმიტომ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში და უნდა იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც ევროპარლამენტარები და ამერიკულები დელეგაციები არიან, ამის ნაცვლად კი საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ხაზარაძის განცხადებით, ვერ იცვლის ევროპარლამენტარებთან შესახვედრად.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საქართველოს სირაქლემას პოზიცია უკავია და დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი ღირსების განცდა.

„უპირველეს ყოვლისა, დავით ზალკალიანის განცხადება კარგია რომ გაკეთდა, თუმცა ეს არის ძალიან მცირე და არასაკმარისი და არ გამოხატავს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ძალიან მკაფიო პოზიციას. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენც ზუსტად ისეთ დღეში ვართ, როგორც დღეს უკრაინა, უბრალოდ დღეს არის უკრაინაში გამძაფრებული სიტუაცია, რამდენიმე წლის წინათ ჩვენთან ხდებოდა ანალოგიური, როდესაც 2008 წელს ჯერ ჯარის მობილიზაცია ჰქონდა, ვითომ სამხედრო წვრთნების ეგიდით და მერე შემოჭრა, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2008 წელს. ამიტომ, ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ჩვენ ყოველთვის, როცა ასეთი რამ ხდება რეგიონში და მე არანაირად არ ვემხრობი იმას, რომ შერბილებული პოზიცია უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ამით შეიძლება რუსეთი გაღიზიანდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის სწორი პოზიცია - ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ჩვენ გვაქვს გაცხადებული ქართველი ერის ინტერესი, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ალიანსში, სადაც ნატოა, სადაც ევროკავშირია, შესაბამისად, ამ კურსს არ უნდა გადაუხვიო. ნატოს წევრი ვერ გახდები შენ, თუ არ გაქვს გამოკვეთილი პოზიცია და როცა შენს პარტნიორებს და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს, როგორიც უკრაინაა, უყურებ ასეთ დღეშია დღეს, პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთო და უკრაინელ ხალხს უთხრა, რომ შენ ხარ მათ გვერდზე და ხარ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მებრძოლი ერი და არ დაუშვებ აგრესიას,“- განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ უკრაინაში საქართველოდან დელეგაცია არ წასულა და პარლამენტს არც მხარდამჭერი რეზოლუცია მიუღია, ფრაქცია და პარტია „ლელომ“, მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე რადას სპიკერს.

„გავუგზავნეთ მხარდაჭერის წერილი პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე რადას სპიკერს და ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენი ფრაქციის და პარტიის სახელით, იმიტომ, რომ მეგობრები სწორედ იმ დროს შეიცნობიან, როცა ისინი არიან გაჭირვებაში ან როცა ისინი არიან გამარჯვებაში. სხვა რა უნდა მოხდეს, რომ შენ მხარდაჭერა გამოუცხადო შენს მოძმე ერს და შენს მეგობრებს, რომლებიც იგივე ბრძოლაში არიან, რა ბრძოლაშიც ჩვენ?!

ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერთვებით ფართომასშტაბიან კონფლიქტში, ბევრი მომენტიდან გამომდინარე, თუმცა პირველი, რასაც გავაკეთებდით, აუცილებლად გადავდგამდით ძალიან მკვეთრ და მკაფიო ნაბიჯებს უკრაინის ხალხის, მათი სუვერენიტეტის, მათი დემოკრატიული ინსტიტუციებისა და მათი თავისუფლების დასაცავად. მე ვფიქრობ, ჩვენი დელეგაცია იქ უნდა იყოს უბრალოდ სადემონსტრაციოდ ჩასული, უნდა ჩამოართვას ხელი, უნდა თქვას, რომ თქვენს გვერდში ვდგავარ და თავისუფალ სამყაროსთან ერთად, უნდა აჩვენოს, რომ აგრესია არის წარსული, აგრესია და ტერიტორიების გაფართოება, იმპერიისა და საბჭოთა კავშირის აღდგენა, ჩაბარებულია წარსულს, ამას პერსპექტივა არ აქვს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ და ასეთ რამეში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ეს უკვე ღირსებისა და ქვეყნის მომავალი პოზიციონირებისა და თავისუფლების საკითხია.

ჩვენ ამ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პერიოდში დავკარგეთ სახელმწიფოებრივი ღირსება, როცა ეშინიათ პოზიციის დაფიქსირების. ეს არის სირაქლემას პოზიცია. დღეს საქართველოს ხმა არ ისმის და როცა უკრაინაზეა საუბარი, იქ ყოველთვის უნდა იყოს საქართველოს ხსენება ყველა დელეგაციაში. ჩვენ უპოზიციო ქვეყნად ჩამოვყალიბდით,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს