ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს შეხვდნენ და უკრაინის მხარდამჭერი წერილი გადასცეს

დღეს ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და პარტია „ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ და უკრაინის მხარდამჭერი წერილი გადასცეს.

წერილის ადრესატი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რადა-ს სპიკერი არიან. მათი თქმით, აღნიშნული წერილი იქნება მკაფიო გზავნილი უკრაინის მხარდასაჭერად.

როგორც შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს არის წერილი ფრაქციის სახელით და მისი თქმით, რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ფონზე უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავს

„უკრაინის ელჩს ჩვენ გადავეცით წერილი, რომელიც მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკისადმი, ასევე უმაღლესი რანგის სპიკერისადმი. ეს არის წერილი ფრაქციის სახელით, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის", სადაც ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ იმისათვის, რომ ის დაძაბულობა, რომელიც ახლა შექმნილია რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნურად, ეს არ გადაიზარდოს საომარ ქმედებებში, მაგრამ მთავარია, ჩვენ გვესმოდეს, რომ ის, რაც ხდება ახლა უკრაინის საზღვარზე, ეს არის არა მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ არის ჩვენი პრობლემაც. ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მხარდაჭერის აქტიური ნაბიჯები სწორედ იმისათვის, რომ ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი და ამას ემსახურებოდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ელჩთან და წერილის მიზანიც ეს არის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს, პარლამენტში ინტერფრაქციულად მოხდა რეზოლუციის პროექტის ინიცირება, რისი მიზანიც არის "ქართულ ოცნებასთან" ერთად უკრაინის მხარდაჭერა და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ რეზოლუციას მხარს დაუჭერენ.

"პარლამენტში დღეს ინტერფრაქციულად ინიცირებული იქნა რეზოლუციის პროექტი, ჩვენ გვინდა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ჩვენ შევძლოთ, მივიღოთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციის ტექსტს და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთიანი, მმართველი პარტიაც და ოპოზიციური პარტიებიც, რომ უკრაინას გამოვუცხადოთ სრული მხარდაჭერა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა