ხატია დეკანოიძე - ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე

ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სისტემა ჩამოშლილია და უწყება, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამის ფონზე, ხვალ „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოვლენ და იტყვიან, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება.

„ძალიან რთულია ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. მხედველობაში მაქვს, პოლიციელის მიერ არაადამიანური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა შშმ პირის მიმართ და ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. ძალიან რთულია ისაუბრო ემოციების გარეშე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია პოლიციის ძალადობის შესახებ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, შოკისმომგვრელი არის თვითონ სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. როდესაც სისტემას ყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ თურმე გამოძიება დაწყებულია და ამ გამოძიების შედეგად დადგინდება ჭეშმარიტება.

მინდა შევახსენო თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ღერძს, ადამიანის უფლებების დამცავ ღერძს, ამ დროს ვიღებთ საპირისპიროს. ეს ღერძი თავიდან ბოლომდე არა თუ მოშლილია, არამედ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, როდესაც ყველა ადამიანმა ნახა ეს შოკისმომგვრელი კადრები. სისტემა არის ჩამოშლილი, სისტემა არ სჯის ადამიანებს, პოლიციელებს, ვინც ჩადის დანაშაულს. ალბათ, ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკე ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან სასტიკ დანაშაულს მოჰყვება ადეკვატური რეაგირება ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ყველაფერი არის მოშლილი.

ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრაფოდ, დუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი. ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

შსს განცხადებაში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს