პარტია „საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მყისიერ რეაგირებას, თუმცა ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ- მინისტრის და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია პარლამენტში იბარებს ირაკლი ღარიბაშვილს და ვახტანგ გომელაურს, რათა მათ შესაბამის კითხვებს პასუხი გასცენ.

„როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს დავიწყეთ სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში, რომლის მიზანი გახლდათ საპოლიციო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების აღმოფხვრა. ამ მიზნით შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა, გამკაცრდა პოლიტიკა ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ და საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში.

სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი არის გაჩერებული, დეპარტამენტის გაძლიერება და მანდატის გაზრდა არ მომხდარა. საგამოძიებო სისტემის რეფორმა შეჩერდა და უფრო მეტიც, ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი სამსახური - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია და შედეგი სახეზეა. ამიტომ ვიბარებთ ამ ადამიანებს პარლამენტში - შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ - მინისტრს, რათა საზოგადოებას აუხსნან და შესაბამის კითხვებს პასუხი გასცენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საპარლამენტო გუნდი დეტალურად ისაუბრებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.

ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა