კელი დეგნანი - საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული გარემო

საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის თქმით, აღნიშნულს კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.

„მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.

ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.

რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ”, - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით იდგება.

"ოცდაათი წელი. ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა