გიორგი ვაშაძე - რეზოლუციაში ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ომი, სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციაში ძირითადი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოს რეგიონში მშვიდობა სურს, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ნატო-ში მისწრაფების საკითხი არ შეიცვლება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს პოლიტიკური ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში გვინდა მშვიდობა, არ გვინდა ომი და არანაირი დაძაბულობა. სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ისინი უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე საუბარი უნდა იყოს რომ ჩვენი მისწრაფება ნატო-სთან მიმართებით არ შეიცვლება რუსეთის განცხადებების მიუხედავად. მგონი, შინაარსი ნათელია, რაზეც რეზოლუცია უნდა იყოს.

მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები იქნებიან “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრაზე. 76 ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტს, რაც სესიაზე გავა, მათი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, მშვიდობა რეგიონში, მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა საქართველოში, ამისთვის არის ეს რეზოლუცია საჭირო, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვართ და მათი მხარდაჭერა, რომ დაგვჭირდეს ისინიც დადგებიან ჩვენს გვერდით”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რესურსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ რეზოლუციის ერთიანი ტექსტი შეიმუშაოს, ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის “ქართული ოცნების” პოზიცია უცნობია.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს “ქართული ოცნების” მიმართულებით, ამ შეხვედრაზე დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ იმდენად მარტივი საკითხებია - მშვიდობის წინააღმდეგი უნდა იყოს? ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგი უნდა იყოს თუ ნატო-ში მისწრაფების? არავინ ეუბნება მათ, რომ ჩვენ ვინმეს ომი უნდა გამოვუცხადოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობისთვისაა ეს ნაბიჯი გადასადგმელი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს