დავით ბერძენიშვილი - რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია - ვინ არის უკრაინის მტერი, ვინ ემუქრება, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ?

"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დღევანდელ ვითარებაში ერთობლივი რეზოლუციის საჭიროება პოლიტიკის ანა-ბანაა, თუმცა, როგორც ჩანს, დეპუტატებს ამის შეხსენება სჭირდებათ.

„რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია. აბა ვინ არის უკრაინის მტერი, ვინ ემუქრება უკრაინას, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ თუ გვიანი შუა საუკუნეებია, როცა რუსეთსა და პოლონეთს შორის უკრაინა დნეპრის მარცხენა-მარჯვენა ნაპირებზეა გასაყოფი, საზღვრები გადასაწევ-გადმოსაწევი?

ერთობლივი რეზოლუციის საჭიროება ასეთ დროს არის პოლიტიკის ანა-ბანა. დიდი ბოდიში, მაგრამ იძულებული ვარ, ამ ტერმინოლოგიით ვისაუბრო და დეპუტატებს მივმართო უმრავლესობიდან და შესაძლოა, არა მხოლოდ უმრავლესობიდან, ვისაც ეტყობა დასჭირდა ამის შეხსენება. არის საგარეო, უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ღირებულებებისგან, პარტიების სხვაობებისგან, პიროვნული ურთიერთობებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ, დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის მატარებელია.

როგორც მან რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, მაშინ, როცა ხელისუფლება დღის პირველ ნახევარშიც კი შინაარსზე „წამომსვლელი“ ჩანდა, შემდეგ რაღაც მოხდა, რაც, მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

„ხელისუფლება თითქოს წამომსვლელი ჩანდა გუშინ, დღეს - დღის პირველ ნახევარში, მაგრამ მერე ყუფარაძემ დარეკა, რაღაცა მოხდა ისეთი. ეს ხელისუფლება სამწუხაროდ, არ არის დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის მატარებელი პარტია. იქ არის გადაწყვეტილებების მიმღები ხალხი, რომელიც უბრძანებს აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოს, რომ ასე მოიქეციო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა: „თვითონ ბიძინამ დარეკა თუ ვიღაცას ისეთს დაურეკა, რომელმაც მერე მეკავშირის ფუნქცია შეასრულა და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელებს ბრძანება გადასცა, ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ“.

ინფორმაციისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი - “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ მოამზადა. დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. ტექსტის შინაარსზე დღეს ოპოზიცია და მმართველი პარტია ვერ შეთანხმდა. ოპოზიციაში აცხადებენ, "ქართულმა ოცნებამ" რეზოლუციის თავდაპირველი ტექსტი, რომელზეც პოზიციები თითქმის შეჯერებული იყო, მოგვიანებით შეცვალა და რეზოლუციის ახლანდელ ტექსტში სიტყვა "რუსეთი" ნახსენები არ არის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს