დავით უსუფაშვილი - რაც “ოცნების“ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში წერია, მოსკოვიდან შესაძლოა იმდაგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ პარლამენტმა უკრაინაში ნატო-სა და დასავლეთის მხრიდან ომის გაჩაღების მცდელობა დაგმო

იმას, რაც “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში წერია, მოსკოვიდან შესაძლოა მიეცეს ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში ნატო-სა და დასავლეთის მხრიდან ომის გაჩაღების მცდელობა დაგმო, - ამის შესახებ ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა მმართველი უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, თუკი პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა კონკრეტულად საიდან მოდის ომის საფრთხე, “მოსკოვიც იმაზე საუბრობს, რომ უკრაინაში ვითარება დაძაბულია, რადგან მას ვიღაცამ იარაღი მიაწოდა“.

უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ მომავალ კვირამდე, ვიდრე რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე გავა, “ქართული ოცნების“ ლიდერები გაიაზრებენ, თუ როგორ გაუგებარ ვითარებაში იყენებ თავს.

“იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხე არამხოლოდ ჩვენს მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ემუქრება, არამედ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყოველ დღე ვისმენთ ძალიან მკაფიო და მკვეთრ პოზიციონირებას იმ ქვეყნების მხრიდანაც კი, ვისაც საფრთხე საერთოდ არ ემუქრება, ასეთ ვითარებაში საქართველოს მხრიდან ცხადია საჭიროა მკვეთრად პოზიციონირება და ვაჟკაცობა.

იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე ვართ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც სიტყვა “რუსეთს“ - როგორც ამ ხიფათის მთავარ წყაროს და საფრთხეს არახსენებს, არის სრულიად გაუგებარი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, გუშინ, შუადღისას მიღწეული იყო კომპრომისული ტექსტი, რომელიც “ლელოს“ ბოლომდე არ მოსწონდა, მაგრამ როგორც უსუფაშვილი ამბობს, ერთობლივ პროექტზე შეჯერებისთვის და საკუთარი მოსაზრებების უკან წაღებისთვის მზად იყო.

“რატომღაც სიტყვა “რუსეთი“ “ქართული ოცნებისთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნა. ტექსტის შეცვლასთან დაკავშირებით კარგს არაფერს ვფიქრობ. არ მინდა ყველაზე უარესი დავიჯერო, რომ ვიღაცის მცდელობაა პარლამენტის გადაწყვეტილებაში ეს კონკრეტული სიტყვა არ გაჩნდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს