ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. ერთმანეთის მიმართულებით მესაზღვრეები ინტენსიურ სროლებს აწარმოებენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, სროლების შედეგად, ყირგიზეთში არიან დაშავებულები. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საავადმყოფოში გადაყვანილია ხუთი დაშავებული, რომელთაგან ორი სამხედროა. ყველა მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
სხვა მონაცემებით, დაღუპულია ტაჯიკეთის ერთი მოქალაქე.
ყირგიზეთის მხარე ირწმუნება, რომ ტაჯიკეთი საზღვართან მძიმე ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი გაიმართა. თუმცა, ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება.
დღეს, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა ტაჯიკი სამხედროების მიერ საავტომობილო გზის გადაკეტვა იმ მონაკვეთზე, რომელიც ყირგიზეთის ქალაქ ისფანუს ქალაქ ბატკენთან აკავშირებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი პერიოდულად იქცევა ხოლმე კონფლიქტის ზონად ადგილობრივ მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის კონფლიქტის შედეგად, რაც გამოწვეულია არადელიმიტირებული მონაკვეთით, რის გამოც შეუძლებელია იმის გარკვევა, სად გადის საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.