ანა ნაცვლიშვილი - ზოგჯერ მრჩება განცდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა მოდური ამბავია და ნაცვლად იმისა, კონკრეტული გეგმა შევაშველოთ, პირიქითაა - ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი რჩევისა და გამოფხიზლებისთვის

დღეს ოპოზიციის ცხოვრება რთულია - ჯანსაღი ამბავია თვითკრიტიკა, პოლიტიკური სპექტრიც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენს გასაკეთებელს მაქსიმალურად ვაკეთებთ, რაც არსებულ ვითარებაში შეგვიძლია? ხალხი კომუნიკაციას ითხოვს, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდიდან წინასაარჩევნო პერიოდამდე არ უნდა იყოს,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს.

„დიდი სურათი უნდა დავინახოთ, იმ პირობებში, როგორშიც დღეს ქართული სახელმწიფო იმყოფება, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკა შესთავაზოს ხალხს. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარული გარემოა, ჩვენც ასეთ გარემოში ვართ, პოლიტიკის სივრცე დარტყმის ქვეშაა. გარე, პოლიტიკურ სპექტრს მიღმა ფაქტორები ძალიან მძიმე ვითარებას უქმნის პოლიტიკურ სპექტრს, რომ ჯანსაღად განავითაროს თავისი დღის წესრიგი. ეს მნიშვნელოვანი მოცემულობაა. მეორე მხრივ, ჯანსაღი ამბავი მგონია თვითკრიტიკა - პოლიტიკური სპექტრიც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ გასაგებია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ მუშაობს, სადაც სასამართლოებზე დაგვატარებენ, პროკურატურამ შესაძლოა ნებისმიერ პირზე მოგონილი ბრალდებით აღძრას საქმე, მედია პოლარიზებულია და პოლიტიკური პროცესი მოგუდულია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს მაქსიმალურად ვაკეთებთ, რაც ამ ვითარებაში შეგვიძლია? რა არის ის, რასაც ხალხი ითხოვს? - ხალხი ითხოვს მასთან კომუნიკაციას, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდიდან წინასაარჩევნო პერიოდამდე არ უნდა იყოს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა უპასუხა კითხვას ოპოზიციის საქმიანობის მიმართ კრიტიკასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნებისმიერი რჩევისთვის ღიაა.

„ზოგჯერ მრჩება განცდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა მოდური ამბავია და ნაცვლად იმისა, რომ აზრი და კონკრეტული გეგმა შევაშველოთ ოპოზიციას, დავეხმაროთ უფრო ეფექტიანობაში, პირიქითაა. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი რჩევისა და გამოფხიზლებისთვის. ზოგადად განცდა მაქვს, რომ პოლიტიკაში ყოფნა იშვიათადაა აღქმული როგორც ყოველდღიური, რუტინული გარჯა. ეს არ მომწონს. შეიძლება იმიტომ, რომ არასამთავრობო სექტორიდან მოვდივარ, სადაც დილიდან საღამომდე ჭიანჭველასავით უნდა იმუშაო. მგონია, რომ ასე უნდა იყოს პოლიტიკაში და კიდევ მეტი რიტმი უნდა იყოს. მგონია, რომ ყოველდღიური რუტინული შრომა და სისტემატურობაა საჭირო და არა ფრაგმენტულობა და რაღაცებზე ფრაგმენტულად რეაგირება, როდესაც ურემი უკვე გადაბრუნებულია. კრიტიკას ვიწყებ საკუთარი თავიდან. ვფიქრობ, ასეთი მუშაობა გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველას ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9%-ის აზრით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 8%-ის აზრით სხვა პარტია, 41% კი ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 17%-მა კი არ იცის კითხვაზე პასუხი და ამასთან, უარს ამბობს პასუხზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა