ეროვნული თანხმობის პროცესში ვადა არ უნდა იყოს უსასრულო - ჩვენ ხასიათში არ გვაქვს ეს მოთმინება. ომშიც ჩქარა გამარჯვება გვიყვარს და არაგრძელვადიანი ომები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა ვადაში ხედავს ეროვნული თანხმობის პროცესის დასრულებას.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ეროვნული თანხმობა მისი პასუხისმგებლობა. ამასთან დასძენს, რომ გარანტიები არაფერზე არსებობს, ყველაფერი რისკიანია, მით უმეტეს, ამ მდგომარეობასა და პოლიტიკურ პირობებში.
„ნამდვილად ჩემია პასუხისმგებლობა. არ დავიწყებ შემდეგ საუბარს, იმის ბრალია და ამის ბრალია, არც პოლიტიკურ პარტიებზე გადავიტან. ჩემი აზრით, ეს მცდელობა ქვეყნისთვის საჭიროა. მე ამის მეტი დრო არ მექნება, სწორი მომენტია. დამოუკიდებლობის 30 წელს ვზეიმობთ და ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა გავიხედოთ უკან, რაღაცაზე შევთანხმდეთ და შევწყნარდეთ. შეიძლება, ეს სიტყვაც სწორი იყოს.
გარანტიები არაფერზე არსებობს, ყველაფერი რისკიანია, მით უმეტეს, ამ მდგომარეობასა და პოლიტიკურ პირობებში. ვადა არ უნდა იყოს უსასრულო. მგონი, სხვა ქვეყნებში ეს პროცესი გაგრძელდა 2-დან 3 წლამდე, ზოგან მეტი. ჩვენ ხასიათში არ გვაქვს ეს მოთმინება. ომშიც ჩქარა გამარჯვება გვიყვარს და არაგრძელვადიანი ომები. არ ჩათვალოთ, რომ ბეტონში ჩასმული გეგმაა.
ვფიქრობ, 4-5 თვე საზოგადოებრივი საუბრებისთვის მაქსიმალურად გაიშალოს, მაქსიმალურად მივიდეთ დასკვნამდე, იქნება ქარტია, თუ სხვა ფორმა.
ალბათ პროცესი მოითხოვს, რომ ზაფხულის განმავლობაში კონკრეტულ ექსპერტთა ჯგუფები შეიკრიბონ რაღაც მიმართულებით, რომ რეკომენდაციები ჩამოაყალიბონ. იმედი მაქვს, რომ შედეგი გასაგები იქნება და წარედგინება პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე. ეს იქნებოდა იდეალური გეგმა“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.