კელი დეგნანი ფოთის საზღვაო ნავსადგურზე - ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან

ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას საქართველოში.

„ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები აქ, ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა, არა მარტო „პეის გრუპისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.

ეს 50-მილიონიანი ინვესტიცია განვითარების ფინანსური კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით და ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე.

ინფრასტრუქტურული პროექტები, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და პორტი საოპერაციო, ასევე მართვის მიმართულებით, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ასევე შეუწყობს ხელს სხვა სამუშაო ადგილების შექმნას, დამხმარე მიმართულებებით, ფოთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საზღვაო პორტი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურაზე მეტია.

„ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას.

გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველანი კარგად ვაანალიზებთ იმას, თუ საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარე სამყაროს. ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარეები. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში. ამის გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

მე ველი, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. დიდი მადლობა, გილოცავთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს