თინა ხიდაშელი - სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ბათუმში უკანონო ბიზენს საქმიანობასთან დაკავშირებით

ბათუმში უკანონო ბიზენს საქმიანობასთან დაკავშირებით აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭვირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა ქვეყნისთვის ამ საფრთხის, ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

„სამოქალაქო იდეა“ განცხადებაში კანონდარღვევის მიზეზებს ხსნის. ამასთან აღნიშნავენ, რომ პრობლემა, რომელიც ბათუმში უკანონო მშენებლობის შესახებ სხვადასხვა მედია საშუალებით ვრცელდება, გაცილებით დიდი და სახიფათოა, ვიდრე შვიდი უკანონო შენობა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქში.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა ბათუმში უკანონო ბიზნესაქტივობის შესახებ. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები:

ჩვენი ყურადღება თავდაპირველად მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ბათუმში გაგვიჭირდა კონფერენციის ჩასატარებლად შესაბამისი სასტუმროს დაჯავშნა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარითაა გაცემული; კვლევაც, სწორედ, ამ სასტუმროებიდან დავიწყეთ. სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია, ტურისტული მიზნებით არ აქვთ ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი - არაბული ქვეყნებიდან. ეჭვი მათი არალეგალური საქმიანობის შესახებაც, სწორედ, ამ გარემოებების გამო გაგვიჩნდა.

დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის, ასეულობით ჩინეთის მოქალაქე შეუმჩნევლად ჩამოსულიყო. ჩვეულებრივ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების ღონისძიებებს ვიხილავდით წითელი ხალიჩებისა და „ბაფთების“ თანხლებით. არც ბატონი პრემიერი იტყოდა უარს, თავის ჩინელ კოლეგებთან ერთად მედიის წინ კეკლუცობაზე. თუმცა, ამის ნაცვლად გვაქვს სრული დუმილი, და უფრო მეტიც, ინფორმაციის მიღებისა და ვითარებაში გარკვევის ყოველ მცდელობას, ბათუმში მტრული რეაგირებით ხვდებიან. ამასობაში, სწორედ, იმ პერიოდში საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ახალი ამბები არაბულ ქვეყნებში ჩინელი „ბიზნესმენების“ წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ, ძირითადად, ფულის გათეთრების, უკანონო online კაზინოებისა და სხვა კიბერდანაშაულების თაობაზე. აღნიშნული ფაქტების შესახებ გასული წლის ბოლოს, დეტალურად წერდა ქართული გამოცემა „ბათუმელებიც“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაში.

„სამოქალაქო იდეაში“ განმარტავენ, რომ აუცილებელია გამოძიება სასწრაფოდ დაიწყოს.

„თუკი ჩვენ შევძელით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ერთი მედია საშუალების რესურსებით მიგვეკვლია პრობლემის როგორც გარე წყაროებისთვის, ასევე, აქ საქართველოში, შეუძლებელი და დაუჯერებელია, ჩინეთის ასეულობით მოქალაქის ორგანიზებულად ქვეყანაში შემოსვლისა და ბათუმში ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე თვის მანძილზე დაქირავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. ასევე, შეუძლებელია, ისინი არ დაინტერესებულიყვნენ ამ ჯგუფების ისტორიითა და წარმომავლობით და ვერ მიეკვლიათ პრობლემისთვის, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში დატოვეს. შესაბამისად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბათუმში მიმდინარე არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების (ჩვენი ინფორმაციით, ეს შენობები, სწორედ, იმ ჯგუფებისთვის შენდება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებული), არამედ, ქვეყნისთვის სავარაუდოდ, უდიდესი კიბერ-საფრთხის მატარებელი საქმიანობის მფარველები, სწორედ, ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭვირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყნისთვის ამ საფრთხის ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნულია ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს