ბერდია სიჭინავა „ქართულ ოცნებას“ - იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს და გინდათ, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც არ დავუშვებთ

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს და გინდათ, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომლის თანახმად, ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ პარტია "საქართველოსთვის" წევრი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

მისივე განმარტებით, რუსთავი უკვე მესამე მუნიციპალიტეტია, სადაც პარტია "საქართველოსთვის" თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით შეძლო კრიზისის თავიდან აცილება და მოქალაქეების ნების აღსრულება.

„ნოდარ შეროზია არჩეულ იქნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხაზს ვუსვამთ, არჩეული ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ან „ოცნებასთან“ ან „ნაცმოძრაობასთან“. ამიტომ, ორივეს, „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ მიღებული მანდატების შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც მოადგილეების, ისე კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე, იმუშაონ რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის", - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა მმართველ პარტიას არ მისცეს ერთპიროვნული ძალაუფლება, "ქართული ოცნება" ქმნის კრიზისს და სურთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

"ახლა კი, ველით, „ოცნებიდან“ სუბარის მორიგ ბრიფინგს, რომელსაც ტრადიციულად მოგვიძღვნიან ჩვენ და იტყვიან რომ აი, ისევ "გარიგდნენ", "შერიგდნენ" ან "გადარიგდნენ", რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტია "საქართველოსთვის" წევრს მისცეს ხმა. დაგასწრებთ და თქვენზე ადრე ვეტყვით მოსახლეობას, რომ მორიგ ტყუილს იტყვით და კიდევ ერთხელ შეეცდებით მათ მოტყუებას. რადგან, სიმართლე არის ის, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ უმრავლესობა, ვერ ეგუებით ვერაფრით, რომ არ გაქვთ ერთპიროვნული ძალაუფლება, ამიტომ, ქმნით კრიზისს და გინდათ, რომ დანიშნოთ ხელახალი არჩევნები.

რატომ გვაძლევს ოპოზიცია, მათ შორის „ნაცმოძრაობა“ ხმას? ესეც მარტივია, ყველამ ნახეთ, რომ 2 თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობაც“ უარზე იყო, არც მათ უნდოდათ ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვა და ღიად აცხადებდნენ, რომ ყველა პოზიცია ამ საკრებულოებში მხოლოდ თვითონ უნდოდათ, „ოცნების“ გარეშე.

ამაზე ჩვენგან ორივემ „ოცნებამაც“ და „ნაცმოძრაობამაც“ მიიღო თანმიმდევრული, პრინციპული უარი! ახლა ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, არ აწყობს ხელახალი არჩევნები და ამიტომ, აძლევენ ჩვენს კანდიდატს ხმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოადგილედაც და კომისიების თავმჯდომარეებადაც ოპოზიციასთან ერთად, „ოცნებასაც“ ვთავაზობთ, მარტო კი არ ვთავაზობთ, აგერ 2-3 ჯერ უხეშად რომ ვთქვათ, შევუნახეთ ეს შეთავაზება. ამიტომ, „ოცნებამ“ რაც არ უნდა მოიგონოს და მესამედ ან მეათედ გამოიყვანოს ბატონი სუბარი ერთი და იგივე ტექსტით და ბრალდებებით ჩვენს მიმართ, ჩვენ მაინც ასე თანმიმდევრულად და პრინციპულად გავყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც მდგომარეობს, ისევ და ისევ, ადგილობრივ მმართველობაში ბალანსის უზრუნველყოფაში, რაც არის მოქალაქეების არჩევანი და ნება. მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ კრიზისი, ხელი შევუშალოთ როგორც "ოცნების", ისე „ნაცმოძრაობის“ ერთპიროვნულ მმართველობას, თავიდან ავარიდოთ ამ მუნიციპალიტეტებს ხელახალი არჩევნები და შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ ამ პერიოდში გაჩერებული - ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, სენაკი, ჩხოროწყუ თუ წალენჯიხა. აი, ამის არდაშვება და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისი მოქმედებაა ჩვენი გეგმა და მიზანი" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა