პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი უნდა განისაზღვროს იმისთვის, რომ მხარდამჭერმა ტექსტმა აზრი შეიძინოს.

ამასთანავე, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ალტერნატიულ რეზოლუციას არ დააინიცირებს, რადგან მათთვის პრინციპული საკითხია, რომ მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდეს.

„მე, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია რეზოლუციის პროექტი მხარდაჭერილი იყოს ყველას მხრიდან და ჩვენი სურვილიც ეს არის. სამწუხაროა, რომ ტექსტი, რომელიც წარმოდგენილია, არ ასახავს არც ჩვენი მოქალაქეების პოზიციას და ვფიქრობ, არც ქვეყნის პოზიციას. მას აკლია „რუსეთი“, როგორც აგრესორი ამ ტექსტში, ამის საფუძველი არის არა მხოლოდ უკრაინის რადას მიერ მოწერილი წერილი, ასევე ბლინკენის განცხადებაში არაერთხელ ხაზგასმულია, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას - ეს არის აგრესია, განახლებული, განმეორებითი და თუ შესაძლებელია ტექსტი შეიცვალოს ისე, რომ ჩვენ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ თქვენთან ერთად და ეს იყოს საქართველოს პოზიცია, მთელი პარლამენტის პოზიცია, გავცდეთ პარტიულ ინტერესებს, იდეოლოგიას, პარტიულ წარსულს და ხედვას და შევძლოთ, რომ ეს რეზოლუცია იყოს ერთობლივი. ამისთვის ჩვენ ვიმუშავებთ საკომიტეტო მოსმენაზე, გვექნება კონკრეტული წინადადებები, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ალტერნატიული რეზოლუცია არ დავარეგისტრიროთ, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ერთობლივი მხარდაჭერა იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, უკრაინის მოწოდებაში ცალსახად და არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ მკაცრად დაიგმოს რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მათ მიმართ.

„რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება არის მარტივი, რომ არ გავართულოთ რეზოლუციის მიღება და ის სარგებლობდეს სრული მხარდაჭერით, ჩაიწეროს რუსეთის ფედერაცია ისე, როგორც ამას გვთხოვს ჩვენ უმაღლესი რადა. მის მოწოდებაში ცალსახად არის და არაერთხელ ხაზგასმული, რომ მკაცრად დაიგმოს რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინის მიმართ, ამიტომ ჩვენ რამდენადაც მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენს კოლეგებს უმაღლესი რადიდან, აუცილებელია, რუსეთის ფედერაციის ხსენება. გარდა ამისა, პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ასევე პირდაპირ არის საუბარი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებზე უკრაინის მიმართ. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ამ რეზოლუციას ჰქონდეს შინაარსი და ეს პასუხობდეს ჩვენი მეგობრების მოლოდინებსა და მოთხოვნებს, აუცილებელია, დაემატოს რუსეთის ფედერაცია იმ ტექსტს, რომელიც ახლა წარმოდგენილი აქვს „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს