მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსი ყატარს მიანიჭოს. ამის შესახებ ბაიდენმა ყატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სა და ყატარს შორის მეგობრულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
„კონგრესს შევატყობინებ, რომ ყატარს ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსს მივანიჭებ. ეს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას ასახავს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო. ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის დასახელება არის მძლავრი სიმბოლო იმ მჭიდრო ურთიერთობისა, რომელსაც შეერთებული შტატები იზიარებს ამ ქვეყნებთან და გამოხატავს ჩვენს ღრმა პატივისცემას მეგობრობის მიმართ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსი ამჟამად ისრაელს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ტაივანს, ავსტრალიას, ტაილანდს, ქუვეითს, ეგვიპტეს, იორდანიას, ახალ ზელანდიას, არგენტინას, ბაჰრეინს, ფილიპინებს, მაროკოს, პაკისტანს, ავღანეთს, ტუნისსა და ბრაზილიას აქვთ.