კელი დეგნანი - დროა, საქართველოში ყველა პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - რუსეთი უკრაინასთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოსაც

ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას.

„საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა იმ საფრთხის გამო, რაც რუსეთიდან მოდის. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინასთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოსაც, ვინაიდან ის აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას.

„საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხე გრძელდება. ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამას ადასტურებს გამოკითხვებიც. ეს არის მიმართულება, რომლითაც სვლა სურს ამ ქვეყანას. შეერთებული შტატები მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საქართველომ, რომელიც ემზადება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, უნდა გააგრძელოს დემოკრატიული მიღწევების გამყარება.

„ეს არის ის, რაშიც აშშ საქართველოს დახმარებას უწევს და ძალიან შთამბეჭდავია ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული ხილვა,“- აღნიშნა ელჩმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე