ლადო პაპავა - შეუძლებელია იმის თქმა, რამდენ ხანს შეძლებს ეროვნული ბანკი ლარის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას

შეუძლებელია იმის თქმა, რამდენ ხანს შეძლებს ეროვნული ბანკი ლარის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

როგორც პაპავა ამბობს, მაშინ, როცა ქვეყანაში 14%-იანი წლიური ინფლაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, გაცვლით კურსის სტაბილურობა ყოველთვის ეჭვქვეშ დგება.

ამასთან, მისივე თქმით, ეროვნული ბანკი დიდად არ ფიქრობს გაცვლით კურსზე და მისთვის მთავარია შეინარჩუნოს ინფლაცია, რომელსაც სინამდვილეში მაინც ვერ ინარჩუნებს.

„გაცვლითი კურსის პროგნოზირება ყველაზე უმადური საქმეა იმიტომ, რომ ის უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ცენტრალური ბანკები იღებენ. ამიტომ იმის თქმა, რა მოუვა ლარს ხვალ და ზეგ, პრაქტიკულად შეუძლებელია. იმავდროულად, შემიძლია გითხრათ, რომ ლარის გამყარების ასეთი ტენდენცია მთლად უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის. წინასაახალწლოდ და ნაახალწლევს ყოველთვის გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის მიზეზი ასევე მეტ-ნაკლებად არის იმ გონივრული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით 2021 წლის მეორე ნახევარში გაატარა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს გაიზარდა ექსპორტის დონე, რაც ასევე პოზიტიურად აისახა ეროვნულ ვალუტაზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ცენტრალური ეროვნული ბანკისთვის მთავარია შეინარჩუნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რასაც, სამწუხაროდ, მაინც ვერ ახერხებს. მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3% მაშინ, როცა 2021 წლის ბოლოს თითქმის 14%-იანი წლიური ინფლაცია გვქონდა. შეუძლებელია იმის თქმა, რამდენ ხანს შეძლებს ეროვნული ბანკი ლარის გაცვლითი კურსის დღევანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას.

ეროვნული ბანკი ცდილობს ინფლაცია დაარეგულიროს და არა გაცვლითი კურსი. როცა ქვეყანა ინფლაციის თარგეტირების რეჟიმზეა და ჩვენ სწორედ ეს გვაქვს, მაშინ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელია ცენტრალური ბანკებისთვის განმსაზღვრელი. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში კი არ მუშაობს და საქართველო სწორედ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში იმპორტთან ერთად ინფლაციის იმპორტიც ხდება. თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასებმა მოიმატა, ეს გაზრდილი ფასები იმპორტთან ერთად შემოდის ქვეყანაში. ამის დარეგულირების მექანიზმი ინფლაციის თარგეტირების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მუშაობენ დღეს იმაზე, როგორ შეიცვალოს ეს მიდგომა, კერძოდ, რა უნდა იყოს მიზნობრივი მაჩვენებელი, თუ მაჩვენებელთა სისტემა. მაგრამ ბუნებრივია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისით ვერ შეცვლის ამ მიდგომას, რადგან სრულადაა დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდზე. სანამ ეს უკანასკნელი არ შეცვლის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმს, მანამდე ჩვენ ეს პრობლემა სულ გვექნება“, - განაცხადა პაპავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო