სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა დიდწილად კარგია, თუმცა არის არასწორი მესიჯებიც, რაც ისევ იმ ავტორიტარულ გემოს ატარებს, რა პრეტენზიაც ამ ხელისუფლებასთან აქვს, თუ მისსავე ხელისუფლებასთან ჰქონდა ოპოზიციას ,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი კარგ და ცუდ იდეებს არ აურევდა ერთმანეთში, მათ შექებას დაიმსახურებდა.
"დიდწილად კარგია და კარგი მესიჯებია გაჟღერებული. მაგალითად, მცირე მთავრობა, რომელზეც "გირჩი" არაერთი წელია საუბრობს. ასევე ბიუროკრატიის ღირსეულად სახლში გაშვება, რომელზეც არაერთი წელია ვსაუბრობთ. არის საკითხები, რომელზეც შეიძლებოდა მეტი ჩაკითხვა, თუ როგორ წარმოუდგენია მათი განხორციელება. ბევრ რამეში ალბათ, საერთოს ვიპოვიდით იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც მას დღეს აქვს, თუმცა, ამ გეგმაში არის აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორი მესიჯები, მაგალითად, კრიპტოვალუტების აკრძალვის თუ დარეგულირების გეგმა. ის, რომ შემოსავლის მიხედვით უნდა ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლა აუკრძალოს, ეს ყველაფერი ისევ იმ ავტორიტარულ გემოს ატარებს, რა პრეტენზიაც ამ ხელისუფლებასთან აქვს თუ მისსავე ხელისუფლებასთან ჰქონდა ოპოზიციას", - განაცხადა საბომ.