ნიკა მელია - სამწუხაროდ, ამ ქვეყნის განვითარების ბორბალი უკუღმა ტრიალებს და გვინდა წაღმა დავატრიალოთ - დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას მუდმივი ბრძოლა სჭირდება

გაჯერებულია აზრი, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიზირებული, სასამართლო აუცილებლად უნდა იყოს მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილეში კი შეიძლება ეს ყველაფერი ასე არ იყოს და ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ამისთვის საჭიროა ცვლილებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარების ბორბალი დღეს უკუღმა ტრიალებს და საჭიროა, წაღმა დატრიალდეს.

„ობიექტურად მოაზროვნე ყველა მოქალაქე საქმის კურსშია თუ რა მოვლენებს აქვს ადგილი სახელმწიფოს ფარგლებში. პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრობა ბევრს ამ ქვეყანაში რომ არ უკვირს, ეს, თავისთავად, არის ტრაგიკული მოცემულობა. ძალიან ბევრ ადამიანს აღარ უკვირს, რომ კვირიდან კვირამდე და, ხშირ შემთხვევაში, კვირაში რამდენჯერმე სასამართლოს ეზოში იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ თავიანთ მეგობრებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს, იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ პატიმრობაში არიან და რაღაცნაირად გაჯერდა ეს. გაჯერებულია, თითქოს, რადგან საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიზირებული, სასამართლო აუცილებლად უნდა იყოს მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილეში კი შეიძლება ეს ყველაფერი ასე არ იყოს და ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ამისთვის საჭიროა ცვლილებები, რომლის მოსურნე ქვეყანაში უმრავლესობაა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ცვლილებები ხორჩსესხმული იყოს. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის განვითარების ბორბალი უკუღმა ტრიალებს და ჩვენ გვინდა წაღმა დავატრიალოთ. იქნება ის სანატრელი განვითარების დიდი ბუმი, ისევე როგორც იყო ერთხანს, მას შემდეგ რაც მოხდება ცვლილებები. ჩემთვის ყველა ის ადამიანი არის ოპოზიციურად განწყობილი, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც უნდა ღირსეული ცხოვრება, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, უნდა ელემენტარული სოციალური გარანტია ჰქონდეს ამ სახელმწიფოში და გათენების არ ეშინოდეს. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება მუდმივი ბრძოლა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა