ნიკა მელია - დავით კირკიტაძის საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივითაა აღძრული - ეს არის „მასკარადი“

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას „ქართულმა ოცნების“ მიერ რუსთავის საკრებულოში ძალაუფლების დაკარგვას უკავშირებს, რომელიც მმართველი პარტიისთვის „პოლიტიკურად ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა“.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივაციით აღძრული საქმე და დავით კირკიტაძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„გასაგებია, რომ საქმე, რომელიც თვეების განმავლობაში თაროზე ჰქონდათ შემოდებული, რიგით პროკურორს და გამომძიებელს არ გაახსენდებოდა. ასეთი საკითხები მათ დონეზე არ წყდება. დავალება მიიღეს! ვისგანაც დავალება მიიღეს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მან პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, აქაც მართლმსაჯულებასთან საერთო არავის არ აქვს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივაციით აღძრული საქმე. დღევანდელი ეს სასამართლო პროცესიც ამ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. ყველაზე მთავარი, საწყენიც და ყველასთვის გასათვალისწინებელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის შემდეგია - „ქართულ ოცნებას“ სურს ყველა ის უბედურება და მანკიერება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში და სახელმწიფოშიც არის, რისი შეცვლაც გვინდა, დაიყვანოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირებამდე. სინამდვილეში, აქ საკითხი სხვაგვარად დგას, გვინდა თუ არა პირველ ეტაპზე ცვლილება იმისთვის, რომ როგორც ერი გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო შევდგეთ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ცვლილებები მოვიტანოთ, შემოსავალი გაუჩნდეს ქვეყნის მოსახლეობას და განვითარებაზე ოცნება კი არა, რეალური, ხელშესახები პროგრესი იგრძნოს ყველა ოჯახმა“, - განაცხადა მელიამ.

მისივე შეფასებით, ამის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებას წარმოუდგინოს დაპირისპირება ორ პარტიას შორის, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ ეცილება ძალაუფლებას, რომ მათ ადგილზე უნდა ყოფნა.

„სინამდვილეში, სხვაგვარად არის საქმე - ადამიანებმა მიიტაცეს ქვეყნის მართვის სადავეები, თუმცა რამდენიმე ოლქში ვერ შეძლეს, განსაკუთრებით რუსთავში. რუსთავი არის ქალაქი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არა მარტო ჯამურად, ოპოზიციასთან, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. კარს მომდგარია საპარლამენტო არჩევნები. სხვა საკითხია, ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ. მაგრამ რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ძალაუფლება რუსთავის საკრებულოში, ეს მათთვის პოლიტიკურად ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ ის „მასკარადი“, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ამ საქალაქო სასამართლოში აწყობს“, - განაცხადა მელიამ პროცესის დაწყებამდე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დღეს, რუსთავის სასამართლოში გაიმართება.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს