"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ შეფარდებულ 5000-ლარიან გირაოს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა ალექსანდრე მგელაძემ განუცხადა.
როგორც მგელაძე განმარტავს, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
"მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების გამოყენების არავითარი საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო გამოიყენა და გადასახდელად 20 დღე განუსაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ აუცილებლად გასაჩივრებული იქნება კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში",- განაცხადა მგელაძემ.
კითხვაზე, გადაიხდის თუ არა კირკიტაძე სასამართლოს მიერ შეფარდებულ გირაოს, ადვოკატი პასუხობს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
"ჯერჯერობით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო", - განაცხადა ალექსანდრე მგელაძემ.