გიორგი ვაშაძე - მივმართავ კალაძეს და პრემიერს - გინდათ გაჩვენოთ, როგორ უნდა იყოს ტრანსპორტი უფასო, როგორ განვავითაროთ ტექნოლოგიები? - ხომ ამბობთ, რომ ღია ხართ, ჰოდა, მოვალთ და გაჩვენებთ

სამწუხაროდ, უკრაინაში ხალხის დონეზეც დაიწყო ჩვენთვის არასასურველი დისკუსია - რატომ არ აქვს საქართველოს უფრო აქტიური და მკაფიო პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინულ მედიასა და საზოგადოებაში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის გარშემო აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

„იმ რეზოლუციაზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, უკრაინის ტელევიზიებშიც ხდება მსჯელობა და ეს ინფორმაცია იქაურ საზოგადოებასაც აქვს. ჩვენთვის არასახარბიელო მსჯელობა ნამდვილად დაიწყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიაქტიუროთ, რათა ეს არ ჩაითვალოს საქართველოს პოზიციად და დარჩეს „ქართული ოცნების“ პოზიციად - კონკრეტული პარტიის პოზიციად. ეს არ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიცია. ამას იმ კუთხით ვამბობ, რომ სახელმწიფო არ არის პარტია - მათ პარტიული რეზოლუცია მიიღეს.

ძალიან ვწუხვარ საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი პოზიციის გამო. ეს არ არის მკაფიო პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. თითქოს ხელისუფლებამ რაღაც რეზოლუცია მიიღო ამ საკითხების საპასუხოდ, მაგრამ მასში არ არის ის მკაფიო გზავნილები, რომელიც უნდა იყოს. ახლა ამბობენ, რომ ომი არ უნდათ. დიახ, პირველი გზავნილი უნდა იყოს მშვიდობაზე, მაგრამ შემდეგ უნდა იყოს ახსნა, თუ რა უქმნის საფრთხეს ამ მშვიდობას. ამას სახელი უნდა დაარქვა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთისგან ასეთ მტკიცე პასუხს არ ელოდა.

„რუსეთი ელოდა, რომ დასავლეთი რაღაცას დათმობდა და ამას გამარჯვებაში ჩაითვლიდა რუსეთი და პუტინი შიდა აუდიტორიასთან ამას გაყიდდა. რუსეთმა ვერც ის მიიღო, რომ დასავლეთმა აიძულოს უკრაინა მიანიჭოს დონეცკსა და ლუგანსკს ის სპეციალური სტატუსი, რომელიც პუტინს სურს. ჯერჯერობით, რუსეთმა ამ ვითარებიდან ვერაფერი მიიღო. რატომ არის იმის საფრთხე, რომ რუსეთმა შეიძლება რამე მოიმოქმედოს? მას სჭირდება სახის შენარჩუნება. ამდენი „იბაქიბუქა“ და ახლა რაღაც უნდა ქნას. რუსეთი წააწყდა კედელს, რომელიც არ ეგონა, რომ ასეთი ძლიერი იქნებოდა. საინტერესოა პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია. ასევე საინტერესოა ბრიტანეთის აქტიური ჩართულობა, რაც კიდევ ახალ აქტორებს აჩენს ამ ვითარებაში. ასევე მყარი და ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს აშშ-ს. გულწრფელად ვთქვათ, რომ ყველა გაწბილებული ვართ გერმანიის დამოკიდებულებით ამ საკითხთან დაკავშირებით. პუტინი, ალბათ, მერკელის წასვლას ელოდა. იყო გარკვეული პრობლემები მერკელს და პუტინს შორის ყირიმის საკითხიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ამ ფაქტორსაც ელოდა პუტინი, რათა აგრესიის ახალი ტალღა დაეწყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან ერთად, მან საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. ვაშაძის თქმით, პრობლემად რჩება ის ფაქტიც, რომ „ქართულ ოცნებას“ კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს.

„მთავარი პრობლემაა, რატომ აქვს ამხელა რეიტინგი „ქართულ ოცნებას“? არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქვს და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეტყობა, ჩვენ ვერ ავუხსენით მოსახლეობის იმხელა რაოდენობას კარგად, თუ რატომ ვართ ჩვენ უკეთესი, ვიდრე „ქართული ოცნება“. პარტიის მოწონების მაჩვენებელი რომ ნახოთ, „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოწონება აქვს, მაგრამ რეიტინგი იმიტომ აქვს, რომ ამაზე უკეთესს ვერ ხედავს ამომრჩეველი, ჩვენ ვერ დავანახეთ, ვერ ვაჩვენეთ. სწორედ ამიტომ, ავტორიტარიზმისკენ რომ არ წავიდეთ, ჩვენი სტრატეგია ამ კუთხით არის ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მეტი პოტენციალი აქვს, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ თბილისის მერთან, კახა კალაძესა და საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო თანამშრომლობის ინიციატივა გამოთქვა და მმართველი გუნდის ლიდერებს თავისი პოლიტიკური გუნდის მიერ შექმნილი იდეების გაზიარება შესთავაზა.

„საზოგადოებას ვეუბნები, უნდა გამოვფხიზლდეთ და თვალი გავახილოთ. კალაძესაც ვეუბნები - გინდათ მოვიტანოთ ჩვენი მოდელი, უფასო როგორ შეიძლება იყოს ტრანსპორტი? მოვალ, მზად ვართ მოვიტანოთ და დაგისაბუთებთ ეკონომიკურად თბილისისთვის ყველაზე სწორი ეს იქნება. ადამიანები კი არ უნდა ჩავკეტოთ სახლში, რადგან გადაადგილების თანხა არ აქვთ, პირიქით, მათაც უნდა შეეძლოთ აქტიურობა, რათა სამუშაო ადგილი იპოვონ. მივმართავ პრემიერ მინისტრს, რომელსაც, სხვათა შორის, კოვიდი აქვს და შეიძლება უყურებს თქვენს გადაცემას. პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ და მივმართავ - ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დანიშნეთ დრო, თარიღი და მზად ვართ ჩავერთოთ. წამალი იქნება თუ პენსიები, მზად ვართ, რომ ჩავერთოთ. მზად ვართ, შევცვალოთ ფორმატი. სადღაც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ხომ ამბობთ, რომ ღია ხართ, ჰოდა მოვალთ და გაჩვენებთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია