გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის - წარმოვიდგინოთ ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, გახარიას პარტიას, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, ალასანიას, ბაქრაძეს,  ვაშაძეს

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს - ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

როგორც უგულავა აცხადებს, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს მოთხოვნა ექნება „ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს“ ისე, რომ იდენტობა არ დაკარგოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო უნდა გახდეს ქმედითი, ცოცხალი ორგანო. მისი თითოეული წევრის არჩევა უნდა იყოს მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თავად პოლიტსაბჭო უნდა მუშაობდეს როგორც პარლამენტი. მისი სხდომები უნდა გადაიცემოდეს ონლაინ პირდაპირ ეთერში. უნდა ქონდეს ფრაქციები, კომისიები და სამდივნო რეალურად წარმოადგენდეს ჩრდილოვან კაბინეტს. ფრაქციების დისკუსიას საზოგადოება უნდა ადევნებდეს თვალს და აზრთა სხვადასხვაობაში არაფერია დასაძრახი. როცა ქვეყნის პარლამენტი ცოცხალ -მკვდარია, თუნდაც ცხარე დებატებმა უნდა ანახოს განსხვავება „ოცნებასთან“, სადაც სრული უმსჯელობა სუფევს. ასეთ პირობებში, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს ბუნებრივად ექნება მოთხოვნა ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს ისე, რომ არ დაკარგოს იდენტობა და საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენა შეეძლოს. ასე ყალიბდება პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და შიდაკოალიციები. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა განახლებას). ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს. თუ გვინდა ცვლილებები/რიგგარეშე ეს პროცესი, რომელიც მეტ-ნაკლებად, დაწყებულია, გასააქტიურებელია“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უგულავა ამბობს, რომ ეს „ცალკე ტკივილია“, რადგან „ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფაქტი, სააკაშვილი ციხეში, პოლიტიკურის მიღმა, უბრალოდ სირცხვილია“. მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში „ეპოქალური პირია“.

ამასთან, გიგი უგულავა სააკაშვილის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება.

„ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე სწორი განვითარების გზაა, როცა აქ მმართველი კოალიციაშია ენმ, საქართველო აძლიერებს უკრაინასთან პარტნიორობას, ხოლო სააკაშვილი ამ პარტნიორობის შემკვრელი რგოლია. ის გაცილებით ძლიერი და წარმატებული იქნება უკრაინაში თუ აქ მეგობრულად განწყობილი თანამოაზრე და თანამებრძოლები არიან მმართველ კოალიციაში. ესაა წარმატების ფორმულა, რომელიც მიშამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ის დიდი პოლიტიკური ინვესტიცია, რომელიც მან უკრაინაში ჩადო, როგორც არასდროს გამოადგება საქართველოს. ესაა, ჩემი აზრით, რეგიონალური ლიდერობა. ასეა თუ ისე ეს არის სადისკუსიო თემა და მასში სიცხადე თავად სააკაშვილმა უნდა შეიტანოს. და აქ ერთი მხრივ თქმა, რომ მე თანამდებობები არ მინდა, მეორე მხრივ, პრემიერობის კანდიდატად დგებოდე დამაბნეველია და სანდოობას არ აღძრავს. მოკლედ, საქართველოს თანამედროვე პოლიტიკის განუყოფელი და საკვანძო ფიგურაა სააკაშვილი. ის ვერ გაქრება, ვერ აორთქლდება. მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება. ამავე დროს სად იქნება და რა სტატუსით, ამაზე მყარი სიცხადე თავად უნდა შეიტანოს. მარტივად. სანამ ენმ-ს არ ეყოლება პრემიერობის კანდიდატი (არა ისეთი როგორიც ივანიშვილს ჰყავს ხოლმე, არამედ რეალური), მანამდე „ნაცმოძრაობაში“ და მთელ ოპოზიციაში სულ გაუგებრობები იქნება, რითაც „ოცნება“ ისარგებლებს. მიშამ, ეს პერიოდი, ამ საკითხებში სიცხადისთვის უნდა გამოიყენოს“,- აცხადებს გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, უნდა „წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“. როგორც უგულავა წერს, ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“. მისივე აზრით, ამ ბლოკს რეალურად შეუძლია ხმები წაართვას „ოცნებას“.

როგორც უგულავა აღნიშნავს, კოალიციის შემთხვევაში ეს ბლოკი იქნება მძლავრი პოლიტიკური „ცენტრი“ და მას ექნება „ოცნების“ მოედანზე თამაშისა და ოპოზიციაში „არანაცური“ ხმების კონსოლიდაციის რესურსი.

„ორპოლუსიანობა არაა არც „ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ დამსახურება. ისინი არიან ისეთები, როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ბოლო არჩევნებმა ანახა, რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3% პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვამს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ, რომ ენმ-ს შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ „ოცნების“ პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია, საზოგადოებაში არსებობს ენმ-ის „შებოჭვის“ (რაგბის ტერმინია) მოთხოვნა. უბრალოდ არავის სჯერა, რომ 32% მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, ენმ-ს შებოჭავენ. ამიტომაც არის რომ ოპოზიციის 54% „ოცნების“ 46%-ის წინააღმდეგ არ ჯამდება. შედეგად, „ოცნება“ უგებს „ნაცებს“ და სხვები იფანტებიან. პატარა პარტიები - პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც "შუაშიზმს" ეძახიან. ასეთი საარჩევნო ერთეული არ არსებობს. არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია - აბა რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება „შუაშიზმი“ არჩევნების დღეს. წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე ენმ-ს და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“. რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას „ოცნებას“. მეტიც, „ოცნებას“ წაართვას პოლიტიკური ბიოგრაფია და დატოვოს კობახიძე-ღარიბაშვილის ამარა. დღევანდელი ოპოზიციური დისკურსით - „ოცნებამ“ დაღუპა ქვეყანა - ჩვენ „ოცნების“ ამომრჩეველთან ვერ მივდივართ. სამაგიეროდ, გახარიას თუ მარგველაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა თქვას - ამ საქმეში „ოცნებამ“ ივარგა, ამ დროს „ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ბოლოში ყველაფერს გადაუხვია და ავტორიტარიზმში ჩაეფლო. ეს ბლოკი 20-25% ის ფარგლებში აიღებს, მყარად იდგება თავის ფეხზე. აღარ იქნება შუაში მოყოლილი შუაშისტი. კოალიციის შემთხვევაში, ეს უკვე სულ სხვა, რეალური და არა დეკორატიული, მოთამაშეა. ეს ბლოკი იქნება მძლავრი პოლიტიკური „ცენტრი“. რაც მთავარია ასეთ ბლოკს აქვს რესურსი „ოცნების“ მოედანზე თამაშის და ასევე ოპოზიციაში „არანაცური“ ხმების კონსოლიდაციის“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, მის მიერ დასახელებლ პარტიებს შორის უნდა მოიძებნოს დაუძლეველი საკითხები, რომელზეც იმსჯელებენ.

„ახლა შევხედოთ, რა დაუძლეველი საკითხებია ხსენებულ პარტიებსა, ჯგუფებსა თუ პოლიტიკურ ინდივიდებში და საზოგადოებრივი დისკუსია, დებატები სწორედ ამ საკითხებზე მოვაწყოთ. მაგალითად, „ლელოსა“ და გახარიას შორის იმ ცნობილი წერილის მიღმა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - უნდა აშენდეს თუ არა ანაკლიის პორტი თუ ფოთის პორტის გაფართოება საკმარისია? ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, რეგიონალური და ეკონომიკირი საკითხია. მოდით, გავეშვათ ერთი წუთით „ოცნებას“ და საგნობრივად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. გნებავთ ლიდერების და გნებავთ დეპუტაციის დონეზე. დებატები შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, საპენსიო ფონდის მიზანშეწონილობაზე და ბევრ ისეთ საკითხზე, სადაც გამოჩნდება, რომ „პატარა პარტიების“ უმრავლესობა იმიტომაა პატარა, რომ მათ ლიდერებს არ შეუძლიათ/არ უნდათ თავის "პატარა პოზიციის" დათმობა. ამიტომ, მყარად, მაგრამ „არანაცურმა“ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა და მედიამ ამ პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. გვინდა ცვლილება/რიგგარეშე არჩევნები, მაშინ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“,- აცხადებს გიგი უგულავა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა