4 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ამბიციურ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები ნაწილობრივ შესრულდა

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ამბიციურ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები ნაწილობრივ შესრულდა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამის შესახებ აღნიშნულია 19 აპრილის შეთანხმების - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ შესრულების მონიტორინგის შედეგებში, რომელიც ორგანიზაციებმა - „ღია საზოგადოების ფონდმა“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” განახორციელეს.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული ზოგი პუნქტი შესრულდა, ზოგი კი მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ნაწილობრივ შესრულდა შემდეგი საკითხები: საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 2 პროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარდება (ამ ეტაპზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის კენჭისყრები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად ის ბოლომდე შესრულებული არ არის); მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები. 7 სექტემბერს, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი, თუმცა ამ ეტაპზე კონსტიტუციური კანონის პროექტის კენჭისყრები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, ის ბოლომდე შესრულებული არ არის; საკანონმდებლო ცვლილებებით, ცესკო, თავმჯდომარის ჩათვლით, არაუმეტეს 17 წევრისგან დაკომპლექტდება, რომელთაგან არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ, ხოლო 8 წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი აირჩევს 5 წლით. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა. ცვლილებების შესაბამისად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი.

შეფასებაში ასევე საუბარია საკითხებზე, რომლებიც სრულად შესრულდა. ესენია: კანონის ახალი რედაქციით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი სრული შემადგენლობის 2/3 (100 ხმა) ირჩევს. თუმცა, ამავე დროს გათვალისწინებულია დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი;

საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით, ცესკოს თავმჯდომარესა და პროფესიულ წევრებს პარლამენტი სრული შემადგენლობის ⅔-ით (100 ხმა) ირჩევს. თუ კანდიდატი 2 ჯერზე ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მესამე ცდაზე საჭიროა ⅗-ის (90 ხმა) მხარდაჭერა. თუ ამდენი ხმაც ვერ მოგროვდა, მეოთხე კენჭისყრისას, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საკმარისი; საოლქო საარჩევნო კომისიები მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 10%-ს სავალდებულო წესით გადაითვლიან. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები; ქვეყანაში 73 საარჩევნო ოლქია, შესაბამისად, გადასათვლელი უბნების რაოდენობა, 10%-ს აღწევს.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
Hallo - პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში
ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10-წლიანი პარტნიორობა გრძელდება
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა
კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“