დავით ბერძენიშვილი - პარტიები მივიდნენ მიშასთან - რა მივიღეთ? ამომრჩევლები დარჩნენ პარტიების გარეშე და თუ აქამდე 5 3%-იანი პარტია იყო, ახლა 12 1% -იანი პარტია გვყავს

თუ მიხეილ სააკაშვილი ასე უზრუნველყოფილია საინფორმაციო წყაროებით, ესე იგი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესებზე გაკეთებულ განცხადებებს.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მოლოდინი იმისა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას მოჰყვებოდა გაცილებით დიდი აჟიოტაჟი და თვისობრივად სხვა საარჩევნო შედეგი, არასწორი იყო.

„ერთი რამ აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად ვერ იქცევა უკრაინის კრიზისთან მიმართებაში, მაგრამ მეორე მხრივ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირდება გამორჩეული ინტერესი სააკაშვილის და მისი სასამართლო პროცესის მიმართ. მიშა, რომელსაც პულტზე ხელი უჭირავს და ეს საქმე მან კარგად იცის, მაქსიმალურად ეცდება, გააფართოოს სივრცე მისი შეფასებების, პოზიციების, ინფორმირებულობის დემონსტრირების, რათა ერთხანს შეინარჩუნოს მის მიმართ ინტერესი.

დღეს ფაქტობრივად მედია სივრცეში უფროა ინტერესი სააკაშვილის მიმართ, ვიდრე რეალურად პოლიტიკურ სივრცეში. აღარ არის ერთი თვის წინანდელი ვითარება, როცა ანი და ჰოე იყო მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი, პატარ-პატარა პოლიტიკური ჯგუფების მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი არც ყოფილა free misha და ვერც იქნება, მეტიც, სრულიად მკაფიოა, რომ საკუთრივ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯარო დისკუსიაც კი მიმდინარეობს იმ თემაზე, ეს უნდა იყოს ერთადერთი და დომინანტი თემა თუ ეს ერთ-ერთი თემაა სხვა თემებთან ერთად. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თემაა.

სპარინგ პარტნიორობა აწყობს ხელისუფლებას სააკაშვილისა, რაც უნდა სუსტი იყოს ხელისუფალი, ერთი-ერთში პოლიტიკურ რინგზე მას მაინც შესამჩნევი უპირატესობა აქვს სააკაშვილთან და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

არიქა, მიშა ჩამოვა და დაამარცხებს ბიძინას, ეს იყო ყალბი ილუზია. ამ საკითხში სერიოზული შეცდომა დაუშვა არა მარტო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის ორბიტად ქცეულმა პატარ-პატარა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ მედიაშიც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეცდომა იყო. გამოსჭვიოდა პირდაპირ, რომ free misha არის ახლა მთავარი. ეს იყო შეცდომა იმიტომ, რომ მიშა კი ვერ დაამარცხებდა, მიშა ამყარებდა. მოლოდინი იმისა, რომ მის ჩამოსვლას მოჰყვებოდა გაცილებით დიდი აჟიოტაჟი და საარჩევნო შედეგი თვისობრივად სხვა, ამის მოლოდინი ეტყობა სააკაშვილს ჰქონდა, იყო არასწორი მოლოდინი.

რა მივიღეთ? პარტიები მივიდნენ მიშასთან და ამომრჩეველი დარჩა პარტიების გარეშე. პარტიები იყვნენ 3%-იანი და გახდნენ 1%-იანები. თუ იყო 5 პარტია 3%-იანი ახლა არის 12 პარტია 1%-იანი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო