ანა წითლიძე - მოვუწოდებთ ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ნუ არღვევენ კანონს

მოვუწოდებთ ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ნუ არღვევენ კანონს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ჯერ კიდევ 2017 წელს აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს და რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა. წითლიძის განცხადებით, ფრაქცია მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ადგილობრივი შემოსავლის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვებას ითვალისწინებს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ- ერთი მთავარი წინაპირობა. მიუხედავად "ქართული ოცნების" არაერთი წინასაარჩევნო დაპირებისა და ფასადურად გატარებული რეფორმებისა, ადგილობრივ თვითმმართველობაში რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ოპოზიციური საკრებულოების ჩამოყალიბების შემდეგ, რადგან დეცენტრალიზაციის პროცესი გულისხმობს ადგილობრივი არჩეული საკრებულოებისთვის და მერებისთვის უფლებამოსილების გადაცემას ადგილობრივ ქონებაზე, სასოფლო- სამეურნეო მიწებზე, წიაღისეულზე, საძოვრებზე. დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის ადგილებზე, ადგილობრივი მცხოვრებლისთვის. მაგალითისთვის, თუ ზუგდიდელს, სენაკელს, წალენჯიხელს დასჭირდება თავის სასოფლო სამეურნეო მიწის რეგისტრაცია, ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას. რეალურად, კი ევროპული ქარტიით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს კომპეტენცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია. პრობლემაა შემოსავლების ნაწილშიც, მიუხედავად "ქართული ოცნების" არაერთი წინასაარჩევნო დაპირების, რომ შემოსავლებს დატოვებდა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მისცემდა შესაძლებლობას თვითკმარი ყოფილიყო, დამატებითი შემოსავლის მხოლოდ 19 პროცენტი რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, დანარჩენს ანაწილებს ცენტრალური ხელისუფლება. ქონების გადაცემის პროცესზე კი ვალდებულება ფინანსთა, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროებმა აიღეს ჯერ კიდევ 2017 წელს. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 162- ე მუხლი მათ პირდაპირ ავალდებულებდა, რომ 2017 წლიდან დაეწყოთ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, თუმცა, ეს პროცესი არ დაწყებულა დღემდე.

მოვუწოდებთ ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ საკრებულოებს და მერებს, იქვნენ უფრო ქმედითები ადგილზე და ნუ არღვევენ კანონს. ასევე მოვუწოდებთ რეგიონული და თვითმმართველობის კომიტეტს, განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და გაგვცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ასრულებენ სამინისტროები ვალდებულებას, რაც კანონით ეკისრებათ. რაც შეეხება შემოსავლების ნაწილს, ჩვენ ფრაქციაში ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლითაც შემოსვლების დიდი ნაწილი უნდა დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში", - განაცხადა წითლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა