ანა ნაცვლიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს - რის იმედით შემოიტანეთ განაცხადი? მაგალითები რომ მოიყვანოთ, როცა სისტემას შეეწინააღმდეგეთ ადამიანის უფლებების დარღვევებზე

რის იმედად შემოიტანეთ განაცხადი, რატომ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ შეებრძოლოთ სისტემას, რომელიც ძალიან მიზანმიმართულადაა აშენებული და ძალიან კონკრეტული მოტივები აქვს? მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო იქნებით, სახელმწიფო უწყებები თქვენ გვერდით არ დადგებიან,- ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ანა ნაცვლიშვილი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე და ლელა ჯანაშვილს ჰკითხა, უერთდება თუ არა სულისკვეთებას, რომ „პარლამენტს არ აინტერესებს, რა იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე“.

„როგორ უყურებთ იმ საკითხს, რომ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ვადით არჩეულ დამოუკიდებელ თანამდებობის პირს მოულოდნელად შეუწყდა უფლებამოსილება, რამდენად კონსტიტუციური გგონიათ ეს. ასევე, რამდენად გაინტერესებთ ის საკითხი, რომ დღეს სარჩელია შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და გიქმნით თუ არა უხერხულობას ის, რომ სანამ საკითხის არაკონსტიტუციურობა არ გარკვეულა, პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს, უერთდებით თუ არა იმ სულისკვეთებას, რომ პარლამენტს არ აინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე რას იტყვის. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ თუ იქნებით არჩეული და იქნებით დამოუკიდებელი თქვენს საქმიანობაში, თქვენი უფლებამოსილების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას მოგცემენ, ან რა არგუმენტი გაძლევთ იმის ფიქრის შესაძლებლობას, რომ როდესაც ასე მოიქცა სახელმწიფო კონკრეტული კონსტიტუციური ვადით არჩეული თანამდებობის პირის მიმართ და სრულიად დაუსაბუთებლად შეუწყვიტა კონსტიტუციური ვადა, თქვენ მოგცემენ შესაძლებლობას, რომ თქვენი მანდატი განახორციელოთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. კარგად ისაუბრეთ თეორიულ საკითხებზე, როგორიცაა კანონის დაცვა - ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება, მაგრამ, მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. თქვენ იქ არ მიდიხართ თეორიული კვლევების შესასრულებლად, თქვენი სამსახური მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, იქნება სისტემასთან ჭიდილი, თუ ასე არ გაქვთ წარმოდგენილი, ეს სხვა პრობლემაა. გესმით ალბათ, რომ იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც საქართველო იმყოფება, თქვენი ძირითადი გამოწვევა პანდემია არ იქნება. თქვენი ძირითადი გამოწვევა იქნება, რას უშვებით იმ სისტემას, რომელიც დღეს ყველა ადამიანის საძინებელშია დამონტაჟებული და რომლითაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მეორე ათწლეულია აშანტაჟებენ. ამის არაერთი დამადასტურებელი მასალა საჯარო სივრცეში სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნდა, სხვადასხვა ხელისუფლების დროს ჩაწერილი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა კანდიდატს მიმართა კითხვით, გადაუდგამს თუ არა ნაბიჯები როგორც მოქალაქეს ან ქალს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

„გარდა თქვენი ძალიან შთამბეჭდავი აკადემიური საქმიანობისა, მჭირდება დავინახო ამ პროფესიულ გზაზე მაგალითები თქვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა, როდესაც ხმა აიმაღლეთ რაიმე სერიოზული პრობლემის წინაშე და ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ამ ქვეყანაში პრობლემა არაერთხელ შეექმნა. კვალიფიკაცია შეიძლება გაქვთ სამართალში, მაგრამ ამ პოზიციაზე, ჩემი აზრით, გადამწყვეტია ბრძოლის უნარი და დინების საწინააღმდეგოდ სვლის უნარი, რომლის გარეშეც მანდატის კეთილსინდისიერად შესრულება ძალიან რთული იქნება. მაგალითები რომ მოიყვანოთ თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც სისტემას შეეწინააღმდეგეთ მაშინ, როდესაც ეს სისტემა ადამიანის უფლებებს ანადგურებდა, რომელიმე ხელისუფლების დროს. ასევე, მინდა გკითხოთ - თქვენი თანამდებობა იქნება ძალიან სერიოზული ინტერესის საგანი, ასევე ის, თუ როგორ გაართმევთ თავს და როგორ დაასაბუთებთ ამა თუ იმ მოქმედებას თუ უმოქმედობას. ამ კონტექსტში საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ერთ-ერთი მთავარი არხი არის მედია. შემოსვლისას ჟურნალისტები გთხოვდნენ კომენტარს, მაგრამ თქვენ კომენტარი არ გააკეთეთ. ცხადია, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვანია - მედიასთან ასეთი ტიპის თანამშრომლობას ფიქრობთ სამომავლოდ, თუ ინსპექტორი გახდებით, თუ რაიმეს შეცვლით ამ მიმართულებით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს უსმენს. დღესვე კომიტეტზე, დეპუტატებს კითხვებს უპასუხებს კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ალფაიძე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო