რამაზ საყვარელიძე - თუ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება, მაშინ უფრო ადრე რა საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები? ეს ისეთი საკითხებია, სადაც სიჩქარე აუცილებლობას არ წარმოადგენს

თუ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება, მაშინ უფრო ადრე რა საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები? ეს ისეთი საკითხებია, სადაც სიჩქარე აუცილებლობას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნების ჩატარების დაპირება არასდროს გაუცია და თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვები 2023 წელს დაიწყება "არაფერი დაშავდება".

"თუკი ლაპარაკი არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც არჩევნების საკითხი უნდა მოაწესრიგოს და თუ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება, მაშინ უფრო ადრე რა საჭიროა ეს ცვლილებები? ვადამდელ არჩევნებს არც არასდროს ჰპირდებოდა მმართველი პარტია არავის, არ იდგა ეს საკითხი და 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებში როგორი იქნება პირობები ამაზეა ლაპარაკი და ეს პირობები პრინციპში, 2023 წელს რომ გახდეს მსჯელობის საგანი მე მგონი, არც არაფერი შავდება. პირიქით, რაღაცები შეიძლება უფრო დალაგდეს, მომწიფდეს, გაირკვეს. ეგ ისეთი საკითხებია, სადაც სიჩქარე აუცილებლობას არ წარმოადგენს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს საბრძოლო რიტორიკის გამოხატულებაა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერების ხარჯზე დგას და ასეთი ფენომენის ნულამდე დაყვანა იშვიათია.

"მეტოქეები იბრძვიან და ყველა ბრძოლის დროს- ფიზიკურს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს წინ სიტყვიერი ბრძოლა უძღვის ხოლმე. ამჟამად სიტყვიერი ბრძოლის გამოხატულება გვაქვს. ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა" იძახდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" გავაქრობთო და ჟურნალისტები არ კითხულობდნენ როგორ გააქრობო, იმიტომ, რომ ამას წინასაბრძოლო რიტორიკის ნაწილად აღიქვამდნენ. ასევე, საბრძოლო რიტორიკის ნაწილია ჩემი აზრით ეს ფრაზა.

რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ არა "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობას ამოვიდეთ ციფრებიდან. ყველაზე დიდი პროცენტი ოპოზიციურ პარტიებს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა და ეს დიდი პროცენტი უშუალოდ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული. იმიტომ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყვნენ და სააკაშვილის ქუდის ქვეშ რომ არ იყვნენ, იმათ დაბალი რეიტინგი აქვთ. ასე რომ, ფაქტობრივად, სააკაშვილის, როგორც ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერების ხარჯზე დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ასეთი ფენომენის ნულამდე დაყვანა იშვიათია ხოლმე.

რაც შეეხება პოლარიზაციას - საერთოდ არ მესმის პოლარიზაცია რატომ არის უარყოფითი მოვლენა მრავალპარტიულ ქვეყანაში. ბუნებრივია, პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. როდესაც დაპირისპირება კანონის ან ზნეობის ფარგლებს სცდება, ისაა პრობლემა, თორემ თავისთავად პოლარიზაცია მეტ-ნაკლებად ბუნებრივია," - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს