ნინო ბურჯანაძე - უნდა დავეთანხმო ირაკლი კობახიძეს, რომ ნამდვილად კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა - წავიდნენ ახლა შარლ მიშელთან იჩივლონ, რომ ახლა კიდევ გადაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ“

სერიოზული სილის გაწვნაა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ბოდიში მომითხოვია და ბატონი შარლ მიშელისთვის, ძალიან სერიოზული სილის გაწვნაა ფასილიტატორებისთვისაც, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ამავე ტელეკომპანიის გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მეგობარი ელჩები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველოში არ შეიძლება იმ რეცეპტებით იმუშაო, რა რეცეპტებითაც ნორმალურ ქვეყნებში მუშაობენ.

„უნდა დავეთანხმო კობახიძეს, რომ ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა. წავიდნენ ახლა შარლ მიშელთან იჩივლონ, რომ ახლა კიდევ გადაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ“. რას ელოდებიან ვერ გეტყვით. რა მოლოდინი აქვთ? რას იზამს ბატონი შარლ მიშელი.

სერიოზული სილის გაწვნაა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ბოდიში მომითხოვია და ბატონი შარლ მიშელისთვის. ძალიან სერიოზული სილის გაწვნაა ფასილიტატორებისთვისაც, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ მეგობარი ელჩები, რომლებიც მართლა ცდილობდნენ, რომ უკეთესობისკენ წარემართათ პროცესი, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ისინი არ მუშაობენ ლიხტენშტაინში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, რომ საქართველოსთვის არ შეიძლება იმ რეცეპტებით იმუშაო რა რეცეპტიც ნორმალურია ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოში. ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ 90-იანი წლების რუსეთში ბანდიტიზმით ნაშოვნი ფულით გამდიდრებული კაცია ხელისუფლების სათავეში. 34% მშპ ქვეყნის უდევს ჯიბეში და მის მიერ არჩეული მარიონეტები მართავენ ქვეყანას.

გამოვა, რომ მათაც ვერ შეასრულეს თავისი სიტყვა. ისინი ხომ გარანტორები იყვნენ იმისა, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა, პროცესი ნორმალურად წარიმართებოდა. ახლა ისინი არ გრძნობენ თავს გადაგდებულად და მოტყუებულად?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება იმის ხარჯზე, რომ ყველაფერი იგივე დარჩება, არ უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ მის მიმართ გაჩნდება ბრალდება, რომ მას „უაზრო ფორმატებით“ დრო გაჰყავს და „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„რას ნიშნავს ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგება? მე ნაჩხუბარი კი არ ვარ ხელისუფლებასთან. რას ვამაიმუნებთ ამ ხალხს. ხალხს ის კი არ უნდა, დედა არ შევაგინოთ ერთმანეთს მარტო, საქმე ვაკეთოთ, ეს უნდა ხალხს და რას ჰქვია, ოპოზიცია და ხელისუფლება შერიგდა და ერთმანეთს დედას არ შეაგინებს და ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის? მაგას ჯობია, ვაგინოთ ერთმანეთს და საქმე გავაკეთოთ.

გუშინ მე ველოდი, რომ ამ ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, როდესაც ის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და წარმომადგენლებს ხვდებოდა, როდესაც საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა, ამ ორთვიანი მუშაობის შემდეგ ის ჩვენ გვეტყოდა, რა შთაბეჭდილება დარჩა ჩვენთან, ყველასთან საუბრის შედეგად, რა არის გამოსავალი. საერთოდ არ უხსენებია ეს.

თუ ის კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამს, ვწუხვარ, მაგრამ უფრო ნეგატივი წამოვა მის მიმართ, ვიდრე საერთოდ რომ გაჩერებულიყო იმ შემთხვევაში. ახლა მას დააბრალებენ, რომ დრო გაჰყავს, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს ამ რაღაც გაუგებარი ფორმატებით. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ეს ბრალდებები წამოვიდეს მისი მისამართით. ერთხელ ვთქვი კიდეც, რომ დიდი ხანია ვიცნობ ქალბატონ სალომეს და ქიზიყური ხასიათი აქვს, სულ ველოდები როდის გაბრაზდება მეთქი და მე მინდა, რომ ის გაბრაზდეს. გაბრაზდეს თუნდაც იმ როლზე, რომელიც ამას „ქართულმა ოცნებამ“ დააკისრა, შეურაცხმყოფელი, მარიონეტული როლი. როგორც ჩანს, ეს არის მისი მცდელობა, რომ ამ როლიდან გამოვიდეს, მაგრამ აქ თან ასე იყოს და თან ისე იყოს არ გამოვა. მე არ ვამბობ, რომ ის ოპოზიციაში უნდა წამოვიდეს. პირიქით უფრო დააზარალებს პროცესს ოპოზიციაში რომ იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ის უნდა იყოს თავის ადგილზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა