ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ოპოზიციის მჭახე სიტყვების არავის ეშინია - მზად ვართ, რომ გადაწყვეტილებები ოპოზიციის და დემოკრატიის სასარგებლოდ მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება ცალ კარში თამაში

ოპოზიციის მჭახე სიტყვების არავის ეშინია - მზად ვართ, რომ გადაწყვეტილებები ოპოზიციის და დემოკრატიის სასარგებლოდ მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება ცალ კარში თამაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი დესტრუქციისთვის არ იქნას გამოყენებული.

„ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი თავი და ქართული დემოკრატია დიდი ხანია „გადააგდო", 2020 წლის არჩევნები, შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის ნათელი მაგალითია. პარლამენტში შემოსვლაზეც "გადააგდეს თავის ამომრჩეველი და მრავალი ასეთი ფაქტია. ასე რომ, ჩვენ არავინ "გადაგვიგდია და თუ ვინმე ასრულებს ამ ვალდებულებებს, მათ შორის, პოლიტიკური რეფორმების კუთხით, ეს არის "ქართული ოცნება", უბრალოდ, ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი რამ, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ჰქონდეს და მარტო მჭახე სიტყვებით ნუ აპელირებენ. მათი მჭახე სიტყვების არავის არ ეშინია და მათი მჭახე სიტყვებით დემოკრატია არ აშენდება და არც დაინგრევა, მათ ეს ვერ მოახერხეს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, რომ მათ შორის, ოპოზიციის და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაგრამ ეს არ იქნება ცალ კარში თამაში, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება მაშინ, როცა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პასუხისმგებლობა ექნება ყველას და ეს პროცესი არ იქნება გამოყენებული დესტრუქციისთვის, არამედ კონსტრუქციული და დემოკრატიული თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ეს პირობა გვაქვს ჩვენ",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ეშინია, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ "ეს ისეთი ძველი ზღაპარია - რიგგარეშე არჩევნები, რომ მაგის ხელმეორედ მოყოლა, საბავშვო ბაღშიც აღარ აინტერესებთ".

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება 2024 წლის წინაპერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიზანშეწონილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა