ირაკლი კობახიძე - მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო და ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელმაც გამოხატა ძალიან მკაფიო პოზიცია

მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო და ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელმაც გამოხატა ძალიან მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა საპარლამენტო რეზოლუცია, რითაც საქართველომ მკაფიო სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და დააფიქსირა საკუთარი სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში ომის არ დაშვებაში. კობახიძის თქმით, ამაზე ხმამაღალი განცხადება, არ შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო.

„ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერა არის მაქსიმალურად მკაფიო.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ არსებული მდგომარეობით. არის რთული და მძიმე ტენდენცია. კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება. ეს იქნება მძიმე არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპისთვის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ომის არ დაშვება და თუ რამე შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ - ეს არის ჩვენი ამოცანა. სხვა მხრივ, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა