ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე 12 ახალი პროექტი წარადგინა

ოზურგეთში ქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის - ჭავჭავაძის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია და განახლება იწყება. ახალი პროექტები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე წარადგინა.

საქართველოს მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იგეგმება გზის საფარის, ტროტუარების, გამწვანების და ელექტროკომუნიკაციების სრულად განახლება და მოწყობა. რამდენიმე წელია ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი - კოსტავას ქუჩა სავალალო მდგომარეობაშია, რადგან წინა წლებში მერიამ ვერ შეძლო სათანადო პროექტის მომზადება და მისი ინიცირება.

„არჩევნებამდე ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ მოხდებოდა ოზურგეთში ერთ-ერთი მთავარი საგზაო მონაკვეთის - კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია. ვასრულებთ პირობას და ვიწყებთ საპროექტო სამუშაოებს, რასაც მოჰყვება კოსტავას გამზირის მოწყობა და სრული განახლება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ოზურგეთში კიდევ ორ პარკს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და რამდენიმე ახალი სკვერი გაშენდება. იწყება ე.წ. „ჭადრების პარკის“ რეაბილიტაცია და განახლება, ასევე, ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის განვითარება, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა; ექადიის ტყე-პარკი დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება.

მერმა პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სკვერის განახლება და ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დააანონსა. ასევე, სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის განვითარებაზე ისაუბრა. ჯამურად ამ პროექტებში 10 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება მოხდება. ოზურგეთის მერმა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე მერიასა და მის სამსახურებში ორგანიზაციული რეფორმა დააანონსა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შემოწმება დაასრულა დარღვევებზე დასკვნები, ასევე რეკომენდაციები წარმოადგინა. მერმა, მოადგილეებს, შესაბამისი მიმართულებებით აუდიტის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების განხილვის უზრუნველყოფა და მათი შესრულების მიზნით, ნაბიჯების დაგეგმვა დაავალა.

მერის განცხადებით, ოზურგეთში ახალი სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი - საჩოგბურთო ცენტრი აშენდება - საჩოგბურთო კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია ქალაქს, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა საჩუქრად გადასცა. სპორტული კომპლექსი ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე აშენდება და ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად სოფელ წითელმთაში და ნაგომარში გაკეთდება ნაპირდაცვის ახალი ინფრასტრუქტურა. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში ხორციელდება ბულვარის მშენებლობის სამუშაოები. იწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფელ სილაურის ხიდის მშენებლობა, ასევე პროექტირების სამუშაოები სოფ. ლიხაურში „ოქროს მუხუროდან“ ლიხაურის ცენტრამდე დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციისთვის.

„აქვე მინდა გამოვეხმაურო, უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მაკვანეთი-ლიხაურის დამაკავშირებელი გზის გარშემო იყო შექმნილი - სინამდვილეში, პროექტი გეგმიდან არ ამოგვიღია და ამ წლების განმავლობაში, მერიის მხრიდან მხოლოდ საუბარს ისმენდით, ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. ამ მომენტში, მოგეხსენებათ წყლის და საბაზისო კომუნიკაციების გამოცვლა მიმდინარეობს. ასევე, ოზურგეთში ვიწყებთ წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემის განახლებას და წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაზეც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „სატისი“ იქნება პასუხისმგებელი. მიმდინარეობს ქსელის შემდგომი გაფართოების გეგმის მომზადებაც. ვმუშაობთ ნარჩენების მართვის მიმართულებითაც - ოზურგეთი 6 ერთეულ ახალ ტექნიკას და 300 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს მიიღებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ამით მოხდება მომსახურების არეალის გაფართოება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა, არის დაბა ნასაკირალში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტი, რომლის შესრულებაში ხარვეზებზე აუდიტის დასკვნაშიც არის აღნიშნული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო