კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ცვლილებები, რომელიც მსოფლიოში ან რეგიონში ხდება, აისახება გაცვლით კურსში - რაც შეეხება ინფლაციას, მისმა მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს

მცურავი გაცვლითი კურსი, რომელსაც მერყეობა ახასიათებს, ყოველთვის ითვალისწინებს სხვადასხვა მოვლენას, რომელიც მიმდინარეობს, ამიტომ მოკლევადიან რყევებზე ვერცერთი ეროვნული ბანკი კომენტარს ვერ გააკეთებს - რაც შეეხება ინფლაციას, მისმა მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ლარის კურსის მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება, რადგან მცურავ გაცვლით კურსზე მსოფლიოში ან რეგიონში მიმდინარე პროცესები აისახება.

„პანდემიას მოჰყვა ძალიან ბევრი არასასურველი შედეგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. გადაზიდვების ხარჯები ძალიან გაიზარდა, მიწოდების ჯაჭვები გაწყდა ბევრ შემთხვევაში, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ვაჭრობაში, ეკონომიკის ზრდაც უარყოფითი იყო. საქართველოში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ, რომელიც ტურიზმისგან საკმაოდ დიდ შემოსვლებს იღებდა, იმის გამო, რომ მობილობა მთელ მსოფლიოში შეწყდა, 2020 წელს დაახლოებით 2.7 მილიარდი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, წარმოუდგენელია ელემენტარულად, რომ არ მოხდეს კურსის გაუფასურება, კორექტირება. ზუსტად ამიტომაა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დედოლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ასეთი ცვლილებების დროს რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს როგორც მოსახლეობა, ასევე ბიზნესი.

რაც შეეხება კონკრეტულად ვალუტის კურსის მოძრაობას, შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსია, კომენტარები გაკეთდეს. მერყეობა იყო და იქნება, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, სხვადასხვა ცვლილება, რომელიც მსოფლიოში ან რეგიონში ხდება, აისახება გაცვლით კურსში",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი ყველა საჭირო ზომას იღებს, თუმცა "არის მოვლენები, რომელიც ეროვნული ბანკის ან ხელისუფლების კონტროლის გარეთაა".

"დღევანდელი შეფასებით, რაც არის არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ საინვესტიციო ბანკების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, ინფლაციის მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კურსი გამყარდება, ეს პროცესს დაეხმარება, რომ ინფლაცია მაღალი აღარ იყოს. გარდა ამისა, ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოში გვაქვს, საკმაოდ მკაცრია და ესეც ეხმარება სიტუაციას, მაგრამ არის მოვლენები, რომელიც ეროვნული ბანკის ან ხელისუფლების კონტროლის გარეთაა. მაგალითად, ნავთობის ფასები. როდესაც ნავთობის გლობალური ფასები იზრდება, შეუძლებელია ამას რაიმე დაუპირისპიროს ნებისმიერმა ცენტრალურმა ბანკმა. ჩვენ ვიღებთ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭიროა ამ შემთხვევაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო