ლაშა ხუციშვილი - 2021 წელს მიღწეული რეალური ეკონომიკური ზრდა 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე

2021 წელს, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,6%-ს მიაღწია, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.1%-ით გაუმჯობესდა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, 59.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ეკონომიკის ნომინალური გამოხატულების 6 მილიარდიან ზრდას გულისხმობს, ხოლო 2020 წელთან შედარებით, 10 მილიარდ ლარზე მეტითაა გაზრდილი. შედეგად, 2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 5000 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიიმართა ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ამ პერიოდში, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო თავიდან აგვერიდებინა პანდემიის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდა და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები. შედეგად, შემოსავლების სამსახურში კომპანიების მიერ დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს 4.0 %-ით გადააჭარბა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების შემცირება აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12.4 %-მდე გაიზარდა.

„2021 წლის მეორე ნახევრიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უკვე აჭარბებს 2019 წლის დონის 50 პროცენტს, ხოლო 2022 წლის იანვარში, უკვე 69.3 პროცენტს შეადგენს. არსებული შეფასებით, 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, 2.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და საშუალოვადიან პერიოდში, ტურიზმის მოსალოდნელ აღდგენასთან ერთად, დაუბრუნდება 5-პროცენტიან ნიშნულს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე