ნიკოლოზ ვაშაკიძე - ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება, რომ ალიანსმა ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოს, თავად ალიანსი კი მხოლოდ მაშინ თუ მიგვიღებს თავის რიგებში, როცა საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები არ იარსებებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის ნატოშიგაწევრიანების წინააღმდეგია არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ალიანსის რამდენიმე ევროპელი წევრიც. ცხადია, რომ დღეს არც აშშ-ს აქვს დიდი სურვილი უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის იბრძოლოს და ეს პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებშიც ნათლად იკითხება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, პრაქტიკულად იგივე სიტუაციაა საქართველოს შემთხვევაშიც. ამასთან, აღნიშნავს, რომ საქართველო აქტიურად უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა, პრაგმატულ გზებზე.

„ერთადერთი ხელშესახები შედეგი, რაც ბუქარესტის ნატოს სამიტის დეკლარაციის ყბადაღებულმა ფორმულამ მოგვცა, არის 2008 წლის აგვისტოს ომი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ნატოში გაწევრიანების არარეალურობა უკვე მრავალი წელია ცხადი გახდა ჩვენთვის. მაშინ, როცა საქართველოს მიერ ე.წ. საშინაო დავალების შესრულების მოწონებასთან ერთად ალიანსი ყოველ ჯერზე სულ რაღაც ახალ და ხელოვნურ საბაბებს და ფორმატებს იგონებდა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გაურკვეველი ვადით გადასადებად. მიზეზი ცხადი და მარტივია - რუსეთს არ უნდა საქართველოს ნატოში ხილვა და ამ პერსპექტივის შესაკავებლად საოკუპაციო ძალებიც ჰყავს უკანონოდ განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. ცხადია, დასავლეთი არ გაირთულებს ცხოვრებას ასეთი პრობლემური ქვეყნის გაწევრიანებით. გამოდის, რომ ერთობ უცნაურ ვითარებაში ვიმყოფებით: ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება იმისათვის, რომ ალიანსმა ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოს, თავად ალიანსი კი მხოლოდ მაშინ თუ მიგვიღებს თავის რიგებში, როცა საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები არ იარსებებს, ანუ მაშინ, როცა ჩვენ გაწევრიანების დიდი საჭიროება არც გვექნება. აქედან ძალიან მარტივი და მკაფიო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ნატოში ინტეგრაციის ოფიციალური საგარეო-პოლიტიკური ვექტორი შესანარჩუნებელია, მაგრამ მასზე რაიმე სერიოზული პრაგმატული გათვლების გაკეთება არ შეიძლება.

საქართველო აქტიურად უნდა მუშაობდეს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა, პრაგმატულ გზებზე. ეს არის მთლიანად თავდაცვის ეფექტური სისტემისა და შეიარაღებული ძალების უაღრესად სერიოზული მომზადება და არა ისე, როგორც ეს საქმე დღეისათვის გვაქვს ორგანიზებული; აქტიური და ეფექტური დიპლომატია როგორც რეგიონალური, ასევე, გლობალური მიმართულებით; დღეისათვის ნათლად გამოკვეთილი რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების ტენდენციის სერიოზული გათვალისწინება და აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“,- აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო