ლევან ბეჟაშვილი - მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა - ამის თაობაზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზებები გაკეთდება

მარტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შეიძლება პატარა პარტიებს აკომპლექსებდეს: „თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხართ, მაგრამ პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალი არჩევნების შედეგად, არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ საზოგადოება დააკომპლექტებს მრავალპარტიულ, კოალიციურ მთავრობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება.

„ბოლო პერიოდში პარტია გადავიდა აქტიური მოდერნიზაციის გეგმაზე, რაც გულისხმობს პარლამენტში გააქტიურებას, ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნას. თქვენ ნახავთ, უახლოეს პერიოდში, ეს მოდერნიზაციის გეგმა მართლა რეალური და ხელშესახები გახდება, მაგრამ მარტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შეიძლება პატარა პარტიებს აკომპლექსებდეს: „თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხართ“, მაგრამ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არა უნდა გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არ უნდა დააკომპლექტოს მომავალში ხელისუფლება, არამედ საზოგადოებასთან ერთად, მრავალპარტიულმა კოალიციურმა ერთობამ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არ მოგვყვება, უნდა გავაკეთოთ ისეთი შეთავაზებები, ისეთი მუშაობის რეჟიმი უნდა ვაჩვენოთ, სადაც საერთო შეთავაზებებს და კონსოლიდაციას ალტერნატივა არ ექნება. ასეთი შეთავაზებები გაკეთდება, ეს ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში ყველა ხმა, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება რუსთავის შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას და მმართველი პოლიტიკური ძალის შეფასებებს, რომ ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია, ბეჟაშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალისგან ტალახის სროლას ოპოზიცია შეჩვეულია.

„რუსთავი არის ოპოზიციური ქალაქი და ოპოზიციის საერთო შემადგენლობამ მიაღწია რუსთავში გამარჯვებას, როგორც არჩევნების შედეგებით, ისე შემდგომ, საარჩევნო პერიოდში, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა საკრებულოს წევრების და კანონმდებლობის მანიპულირებით, რომ დაებლოკა ოპოზიციის საკრებულოს საქმიანობა. ჩვენ მოვახერხეთ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, შევძელით ერთიანობის შენარჩუნება და დღეს რუსთავი არის ოპოზიციური ქალაქი, სხვა სამ ოპოზიციურ ქალაქთან ერთად. ბუნებრივია, იქნება ტალახის სროლა, მიჩვეულია საზოგადოება უკვე, რომ „ქართული ოცნებისგან“ მუდმივად ბრალდებების, ტალახის სროლის რეჟიმში ვართ და საზოგადოება ერთმანეთს გადაკიდეს ამ ტყუილებით, დაპირისპირებით, მაგრამ ერთი არის „ქართული ოცნების“ პიარი, მეორე საზოგადოების ერთიანობა, რომელსაც მობეზრდა ეს ვითარება, - ქვეყანაში არის ნიჰილიზმი, მომავლისადმი რწმენის არქონა. ამიტომ, გამოსავალი არის ოპოზიციურ ერთიანობაში, კოალიციურ მთავრობაში, ჩვენ რუსთავის მაჟორიტარის არჩევნები გავხადოთ ღირსების საქმედ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს